მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტიზაციისთვის წყალქვეშა სადენები გაჰყავთ

61487ebc56451
თათია კაკიაშვილი
20.09.21 23:00
897

Google და Facebook მსოფლიო მოსახლეობას კიდევ ერთი არაორდინალური სიახლით აკვირვებს - გიგანტმა კომპანიებმა გადაწყვიტეს, მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტიზაციისთვის კონტინენტებს შორის წყალქვეშ, ათასობით მილზე ინტერნეტსადენები გაიყვანონ. ორივე ტექნოლოგიური გიგანტი სადენების პროექტებში ინვესტიციას სხვა კომპანიების კონსორციუმთან ერთად ახერხებს. ინფორმაციას "ბიზნეს ინსაიდერი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე ორივე კომპანია იმ მარშრუტებს დეტალურად გეგმავს, სადაც ინტერნეტის სადენები წყალქვეშ გაივლის. როგორც "ბიზნეს ინსაიდერი" იუწყება, ეს პროცესი მინიმუმ ერთ წელიწადს მაინც გასტანს. ამასთან, მთავარი სირთულე წყალქვეშ გეოფიზიკური კვლევების ჩატარებაა, რა დროსაც სპეციალისტები ყველა რისკს განსაზღვრავენ იმისთვის, რომ ინტერნეტის მიწოდება მსოფლიოს ყველა წერტილში შესაძლებელი იყოს და თუნდაც წყალქვეშა ბუნებრივმა პირობებმა ეს პროცესი არ შეაფერხოს. ამისთვის წყალქვეშ სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვილი გემები ფსკერისკენ დაეშვებიან და წყლის დინების დონეებს, წყალქვეშა მეწყრების არსებობის რისკებს და აუფეთქებელი ნაღმების ან ბომბების არსებობას შეამოწმებენ.

თავად ინტერნეტის სადენი ბაღის სარწყავი მილის დიამეტრის იქნება და ელექტროენერგიის გამტარობისთვის სპილენძის გარსით იქნება დაფარული. პლასტმასის და ფოლადის საფარი სადენს წყალგაუმტარს გახდის და მას იმაში დაეხმარება, რომ ოკეანის პოტენციურად არასასურველ ისეთ პირობებს გაუძლოს, როგორიცაა ძლიერი დინებები, მიწისძვრები ან სათევზაო მოწყობილობების საფრთხეები.

იმ სადენისთვის, რომელმაც ინტერნეტის მიწოდება აფრიკაში უნდა შეძლოს, ალუმინი გამოიყენება, რათა წარმოების ხარჯები შედარებით დაბალი იყოს და სადენი - გამძლე. აფრიკის ინტერნეტიზაციისთვის მსგავსი სადენებით მთელი კონტინენტი უნდა დაიფაროს და ამისთვის დაახლოებით 37 ათასი კილომეტრის სიგრძის სადენებია საჭირო.

წყალქვეშა მარშრუტების გაყვანის შემდეგ, სადენები სპეციალური ხომალდით ჩაიტვირთება, რასაც საშუალოდ 4 კვირა დასჭირდება და ამ საქმიანობის შესასრულებლად მთლიანობაში 50-კაციანი ეკიპაჟი იქნება საჭირო. ხომალდი ღრმა წყალში მოხვედრისას სადენებს ფსკერზე წინასწარ გათხრილ ორმოებში ჩააწყობს, ხოლო ტალღების ბუნებრივი მოძრაობა მოგვიანებით თხრილებს მიწით დაფარავს. პოტენციური რისკების არსებობის კერებში კი სადენების დამცავი მოწყობილობები დამაგრდება.

საბოლოოდ კი წყალქვეშა სადენებით წამში 340 ტერაბაიტის სიმძლავრის ინტერნეტი გაეშვება, რაც იმას ნიშნავს, რომ 17.5 მილიონ ადამიანს შეეძლება 4K ვიდეოების ნახვა სულ რაღაც ერთ წამში.

საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში წყალქვეშა ინტერნეტიზაციის განხორციელებაში საქართველოს საკუთარი გამორჩეული და განსაკუთრებული წვლილი აქვს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, საქართველოს და მთელი კავკასიის რეგიონისთვის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კომპანია „ფოპტნეტმა“ ორი ფართომასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო პროექტი განახორციელა: „საქართველოს ოპტიკური მაგისტრალი“ - ოპტიკურ–ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალი და დანიურ „გრეიტ ნორზერნ ტელეგრაფ კომპანი – ჯი ენთან“ და რუსულ „ვესტელკომთან“, “საქართველო – რუსეთი” , წყალქვეშა ოპტიკურ – ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა შავ ზღვაში, რომელიც, სოჭის გავლით, აკავშირებს სისტემას „საქართველოს ოპტიკური მაგისტრალი“ ნოვოროსისკის მსხვილ სატელეკომუნიკაციო კვანძთან. ამრიგად, „ფოპტნეტი“ გახდა პირველი ნაციონალური და საერთაშორისო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ოპერატორი საქართველოში.


ოდნავ მოგვიანებით, 2008 წელს კიდევ ერთი ქართული კომპანია „კავკასუს ონლაინი“ Tyco Electronics-ის მიერ აშენებული 1,200 კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთპიროვნული მესაკუთრე ხდება, რომლის საშუალებითაც ევროპიდან სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ინტერნეტის ტრანზიტული მიწოდება ხორციელდება. სწორედ ამ გზით - შავი ზღვის ფსკერზე განთავსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ევროპიდან აზიისკენ მაღალი ხარისხის ინტერნეტის პირდაპირი მიწოდება გახდა შესაძლებელი.