მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 800 მლნ-მდე ზრდასრული წიგნიერების საბაზისო უნარებს არ ფლობს - წიგნიერების გეოგრაფია

61a74f86dd9e8
თათია კაკიაშვილი
01.12.21 22:00
547
მსოფლიო მასშტაბით თითქმის 800 მილიონი ზრდასრული წიგნიერების საბაზისო უნარებს არ ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სერიოზული პრობლემა გლობალურად ეკონომიკის შეფერხებას იწვევს. Visual Capitalist-ის ინფორმაციით, აშშ-ში წიგნიერების დაბალი დონის მქონე ხალხი 16,5-ჯერ უფრო ხშირად იღებს მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას, რადგან ასეთი მოქალაქეები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურების მქონე ჯგუფად მიიჩნევა - ისინი კვირაში 300 აშშ დოლარზე ნაკლებს იღებენ.

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, გლობალური წიგნიერების დონე სტაბილურად გაიზარდა. ჯერ კიდევ 1800 წელს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეეძლო წერა-კითხვა, უახლესი მონაცემების მიხედვით კი, ეს მაჩვენებელი მკვეთრად შეცვლილია და დღეს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 13.8%-ია წერა-კითხვის უცოდინარი. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ პროგრესი წიგნიერების ზრდის მხრივ თვალსაჩინოა, ბოლო პერიოდში ეს პროცესი შეფერხებულია.

წერა-კითხვის შესწავლა ყველაზე მარტივი და ნაყოფიერი ახალგაზრდა ასაკშია და ეს არის უნარი, რომელიც ძალიან იშვიათად, თითქმის არასოდეს “ტოვებს” ადამიანს. თუმცა, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში არიან მოქალაქეები, რომლებსაც ამ უნარების დაუფლების შესაძლებლობა შედარებით გვიან ასაკში ეძლევათ და შედეგებიც დიდად დამაკმაყოფილებელი არ არის.

Visual Capitalist-ის მონაცემებით, 65 წელზე უფროსი ასაკის და 15-დან 24 წლამდე მოსახლეობის წიგნიერების მაჩვენებლებს შორის თვალსაჩინოა: მაგალითად, ალჟირში 15-24 ასაკობრივ ჯგუფში წიგნიერების მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს, ძველ თაობაში კი - 16%-ს. ირანში 15-24 ასაკობრივი ჯგუფის 99% წერა-კითხვის მცოდნეა, ხოლო ძველი თაობის მხოლოდ 29%-ს შეუძლია იგივე. ომანში ახალგაზრდების 98% წერა-კითხვის მცოდნეა, 65+ ასაკობრივ ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 23%-ს შეადგენს. საუდის არაბეთში ეს მაჩვენებლები შესაბამისად 98 და 26%-ია; ხოლო ერიტრეაში - 90 და 18%.

ამ მაჩვენებლების მიხედვით, საერთო წიგნიერების თვალსაზრისით, ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ წიგნიერების დონე დროდადრო უფრო და უფრო გაუმჯობესდება, რამდენადაც განათლების სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ ახალგაზრდა თაობები ადრეულ ასაკშივე დაეუფლონ წიგნიერების ელემენტარულ უნარ-ჩვევებს.