მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 811 მლნ ადამიანი შიმშილობს, ეს რიცხვი კატასტროფულად გაიზარდა - FAO

616956a7d3d18
BM.GE
15.10.21 14:19
811
16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა. კუ დონჟუ - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ 16 ოქტომბერი, წელს განსაკუთრებულად რთულია. „COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, ენით აღუწერელი სირთულეებითა და დანაკარგებით. უკვე აშკარად ვგრძნობთ კლიმატის ცვლილების შედეგებს. ზოგან მოსავალი ნადგურდება, ზოგან სახლები ინგრევა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. უკვე წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ ვიბრძვით. ვსახავთ ახალ გეგმებს და ვეძებთ ახალ გზებს - საკვების წარმოების, შენახვის, განაწილებისა და მოხმარების გასაუმჯობესებლად.

ჩვენ დავიწყეთ პრობლემებთან დაპირისპირება. გასულ თვეში ჩავატარეთ სურსათის სისტემების მსოფლიო სამიტი, სადაც შევთანხმდით, რომ მსოფლიომ უნდა გარდაქმნას აგროსასურსათო სისტემები. ჩავატარეთ ახალგაზრდული ფორუმები და ამ საკითხით ახალგაზრდები დავაინტერესეთ, თუმცა ცხადია, გლობალური სისტემები მხოლოდ ახალგაზრდებმა არ უნდა გარდაქმნან.

შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია. ეს წარმოუდგენელი მონაცემია იმ ფონზე, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება.

სამწუხაროდ, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები - და ჩვენ ვხედავთ რამხელა გამოწვევაა მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, გარემოზე და კლიმატზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარეშე.

FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, გარკვეული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, შევძლებთ ამ კომპლექსური პრობლემების დაძლევას.
ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ დევიზი რეალობად ვაქციოთ.

FAO-მ გამოითვალა, რომ 40-დან 50 მილიონ აშშ დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რათა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე აღმოვფხვრათ. არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და მაღალეფექტიანი პროექტი, რომლთა წყალობითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს.

მაგალითად, ინტერვენციებით შესაძლებელია ფერმების უკეთესი აღჭურვა ტექნოლოგიურად, ინოვაციების შეტანა ციფრულ სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება, რაც, შედეგად, შიმშილის შემცირებულ მაჩვენებელს მოგვცემს. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა.

ჩვენი მიდგომები ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყნებში ადგილობრივ მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან ტრანსფორმაციისკენ მიმავალი გზა ყველა ქვეყანას სპეციფიკური აქვს, ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერები, ფერმერები და მწარმოებლები მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ ამ პროცესში საკუთარ როლს თითოეული მომხმარებელი არ გაიაზრებს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ - სურსათის შერჩევა და ყიდვა, შეფუთვა, საკვების გაფუჭება და გადაყრა - გავლენას ახდენს აგროსასურსათო სისტემებზე და ჩვენი პლანეტის მომავალზე.

ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს სურსათის გმირი. ჩვენი ქმედებები ჩვენი მომავალია. აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესი - შიმშილის დამარცხება, უკეთესი კვება, გარემოს შენარჩუნება - თქვენ და მე უნდა დავიწყოთ“, - წერს კუ დონჟუ.