მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში საკონტეინერო გადაზიდვების ფასი გასამმაგებულია

612dad80c62d7
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.21 23:59
1475
მსოფლიოში საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება რეკორდულად არის გაზრდილი. აზიიდან ევროპისა და აზიიდან აშშ-ის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამასთანავე, უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიების პროგნოზით, ფასების სტაბილიზაცია 2022 წლის დასაწყისამდე არაა ნავარაუდევი. ფასების მატების წამყვანი მიზეზი საკონტეინერო გადაზიდვებზე მოსალოდნელზე გაცილებით მაღალი მოთხოვნაა, რის გამოც, აზიაში კონტეინერების მწვავე დეფიციტია.

იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ვაჭრობის 90% საზღვაო ტრანსპორტით სრულდება, საკონტეინერო ფასების მატება მსოფლიოში მომხმარებლისთვის გაზრდილ დანახარჯებში აისახება.

ანალიტიკური კომპანია Drewry-ის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის აზიის უმსხვილესი - შანჰაის პორტიდან, ევროპის ყველაზე დატვირთული პორტის, როტერდამის მიმართულებით სტანდარტული კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება $10,462 იყო, რაც წინა წელს არსებულ ფასთან შედარებით 518%-ით მეტია. უფრო დეტალურად, ფასების ცვლილება ასეთია:

● Drewry-ის საკონტეინერო ფასების ინდექსი - $6,464 დოლარი, მატება წინა წელთან 310%;
● გადაზიდვის ღირებულება შანგჰაი - როტერდამი - $10,462 დოლარი, მატება წინა წელთან 518%;
● გადაზიდვის ღირებულება შანგჰაი - გენოა - $9,900 დოლარი, მატება წინა წელთან 418%;
● გადაზიდვის ღირებულება როტერდამი - შანგჰაი - $1,629 დოლარი, მატება წინა წელთან 60%;
● გადაზიდვის ღირებულება შანგჰაი - ლოს ანჯელესი - $5,952 დოლარი, მატება წინა წელთან 255%;
● გადაზიდვის ღირებულება ლოს ანჯელესი - შანგჰაი - $779 დოლარი, მატება წინა წელთან 72%;
● გადაზიდვის ღირებულება შანგჰაი - ნიუ-იორკი - $7,559 დოლარი, მატება წინა წელთან 188%;
● გადაზიდვის ღირებულება ნიუ-იორკი როტერდამი - $991 დოლარი, მატება წინა წელთან 95%;
● გადაზიდვის ღირებულება როტერდამი - ნიუ-იორკი - $3,720 დოლარი, მატება წინა წელთან 48%;

CNN-ის ინფორმაციით, აზიის პორტებიდან გადაზიდვებს პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს, მაგალითად, ჩინეთის ნიგბო-ჟოუშანის პორტში საკონტეინერო მოძრაობა 11 აგვისტოს შემდეგ შეჩერებულია, რადგანაც პორტის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. პორტში მოძრაობის შეჩერების საპასუხოდ Maersk-მა, Hapag-Lloyd-მა და CMA CGM-მ საკუთარი მარშრუტები შეცვალეს, რაც სერვისის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს. ამას ემატება პანდემიით გამოწვეული დახურვები ვიეტნამში, რომელიც თავად კონტეინერების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია.

“ბაზარზე სიტუაციის გამოსწორებას 2022 წლის პირველი კვარტლიდან ვვარადუობთ", - აცხადებს, გერმანული Hapag-Lloyd-ის აღმასრულებელი დირექტორი როლფ ჰაბენ ჯანსენი.

Maersk-ის დირექტორის სორენ სკოუს განმარტებით, კრიზისულ ვითარებას მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა იწვევს. “საკონტეინერო გადაზიდვებზე ისტორიულად მაღალი ფასების მიზეზია მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა, რომელსაც ამჟამად არსებული გადაზიდვების მასშტაბი ვერ პასუხობს".

გადაზიდვების ფასების მატება მომავალში მსოფლიოში ინფლაციის დონეზეც აისახება, რადგანაც ის აზიიდან ექსპორტირებული საქონლის გაძვირებას იწვევს.

რაც შეეხება საქართველოს, 2021 წლის პირველ ნახევარში ქართულ პორტებში საკონტეინერო ნაკადების მოცულობა 24%-ით არის შემცირებული.

2021 წლის იანვარ-ივნისში საკონეინერო ტერმინალებმა სულ 203,808 კონტეინერი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 63,743 კონტეინერით ნაკლებია.