27.ივნისი .2022 22:22

მსხვილი ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია ასორტიმენტში ჩირს ამატებს

მსხვილი ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია ასორტიმენტში ჩირს ამატებს
views 996
უკან

იმერეთის მაღალმთიანი რეგიონი და კონკრეტულად ტყიბული ის ადგილია, სადაც ბუნება ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული ჩაის „ბუეთის“ წარმოებას. მოსავლის აღების დროს ჩაის ფოთლების და ჭიოტას ხელით კრეფა, შემდეგ მათი გაშრობა და გრეხვა ხდება, რის შედეგადაც მიიღება განსაკუთრებით მდიდარი გემოს მქონე, არომატული და გემრიელი ჩაი.

2019 წელს ჩამოყალიბებულმა კომპანია "ოკრიბამ" 50-ზე მეტი ჰექტარის ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ უკვე 14 ტონა ჩაის მოსავლის აღება შეძლო. ორ წელიწადში კომპანიამ ასევე ჩაისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა და იგი სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა.

”ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ჩვენ მთელი წლის (და არა მხოლოდ 6 თვის) მანძილზე მუშაობა შევძელით,“ - აცხადებს „ოკრიბას“ თანადამფუძნებელი ვლადიმერ ძნელაძე, - „ადგილზე საჭირო აღჭურვილობის განთავსების შედეგად ჩვენ სერტიფიცირებულ ჩაისთან ერთად ჩირის წარმოებაც დავიწყეთ.“

კომპანიამ დონორთა მხარდაჭერით ოზონის გენერატორის მქონე ბარბოტაჟული ტიპის სარეცხი მანქანა, ხილის საჭრელი, შემფუთავი დანადგარი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა. ამის შედეგად, კომპანიამ წარმოება ორგანული ჩირების მეშვეობით გააფართოვა, მათ შორის ხდება ვაშლის, ქლიავის, მსხლის და დასავლეთ საქართველოში მოყვანილი სხვა გემრიელი ხილის ჩირების წარმოება.

„ოკრიბას“ დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით ადგილობრივი საწარმოები საქართველოს მთიან რეგიონებში არსებული სოფლებიდან მიგრაციას ამცირებენ. მათ პლანტაციაში სეზონურად 100-ზე მეტი ადამიანი საქმდება, ისინი წელიწადში დაახლოებით 6 ტონა ჩაის კრეფენ. საწარმოს ძირითადი სამუშაო ბირთვი 10 ადამიანისგან შედგება. უფრო მეტი წარმოებისა და გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მოსალოდნელია რომ მომავალში დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

„ბუეთი“ ქართულ ბაზარზე უკვე საკმაოდ ცნობილი პროდუქტია, მას მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით სთავაზობენ: დასაყენებელი ჩაისა და ჩაის პაკეტებით დაწყებული და ბიოდეგრადირებადი მასალებისგან დამზადებულ პირამიდის ფორმის ჩაის პაკეტებით დამთავრებული. საწარმომ ასევე კონტრაქტი დადო გერმანულ კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც ქართული სერტიფიცირებული ჩაის გატანა ფრანგულ და ნიდერლანდურ ბაზრებზე უნდა მოხდეს

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია www.gretaproject.ge  

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა