მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარი ამოცანაა, ENKA-სთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე - თურნავა

619217d510807
ინგა მურუსიძე
15.11.21 12:22
1017
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ENKA-სთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ს კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც $800 მილიონიანი პროექტის მომავალს შეეხებოდა.

„ჩვენ შორის ორი შეხვედრა შედგა და სამუშაო შეხვედრა კიდევ გაიმართება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა მათივე პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ქართული ეკონომიკის და ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქმე ის არის, რომ დაახლოებით, ორი კვირის წინ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია "ენკასა" და ქართული მხარის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა ევროპაში შედგა. აღნიშნული bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.