მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარია დავინახოთ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც პერსონალს დაჰპირდნენ - ზოიძე "რესპუბლიკურზე"

6433c9844be0f
ინგა მურუსიძე
10.04.23 12:42
389
ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია საჭირო და მისაღებია, თუმცა მთავარია მედპერსონალს ჰქონდეს ნდობა, რომ დაპირებები რეალურად შესრულდება. განცხადება ზოიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„პროექტი, ჩანაფიქრი ალბათ სწორია, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება მისი განხორციელება. პირველ რიგში კოლექტივის ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება უნდა მოხდეს სწორედ იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა. ვისაც უნდა, რომ გადამზადდეს და დასაქმდეს ახალ კლინიკაში, ჰქონდეს ამის მყარი გარანტიები და მეორე - ვისაც უკვე ასაკი აქვს, შესაძლებელია, სხვა ტიპის კომპენსაცია შესთავაზონ“, - განაცხადა ზოიძემ.

ჯანდაცვის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჩანაფიქრი სწორია და აუცილებელია კლინიკის რეაბილიტაცია.

„ამ პროცესში, ვფიქრობ, მთავარი მომენტი არის ნდობა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ნდობის საკითხი, რადგან მათ ნახეს ინფექციური საავადმყოფოს, ონკოლოგიურის მაგალითი, რომლებიც დროში გაიწელა. თუ მყარი გარანტიები გაიცემა და იქნება საზოგადოებრივი ზედამხედველობა იმაზე, თუ როგორ წავა ეს პროცესი, იმ ვადებში და პირობებში, როგორსაც კოლექტივს დაჰპირდებიან, ალბათ საკითხი მისასალმებელია. მთავარია, დავინახოთ, რომ ეს ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც დაჰპირდნენ“, - აღნიშნა ზოიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას 500-საწოლზე გათვლილი კლინიკა აშენდება.