მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავარია, გადაწყდეს ციფრული ლარის პოლიტიკური მოწყობის საკითხი - პაპუნა ლეჟავა

6272473b594d6
გიორგი თოლორდავა
04.05.22 13:45
1534
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე დაგეგმილია ციფრული ლარის საპილოტე პროგრამის გაშვება.

„ციფრული ლარის კვლევითი ეტაპის ფარგლებში 100-ზე მეტ პოტენციურ პარტნიორ კომპანიას შევხვდით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული ლარის დანერგვა ტექნოლოგიურად არ წარმოადგენს დიდ სირთულეს - ტექნიკურად ასეთი პრაქტიკა უკვე მსოფლიოში ბევრ ქვეყანას აქვს. მთავარია, გადაწყდეს ციფრული ლარის პოლიტიკური მოწყობის საკითხი, რაზეც დღესაც მიმდინარეობს განხილვა.

გეგმაში გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ციფრული ლარის საპილოტე ეტაპი გავუშვათ, თუმცა ზუსტად რა ფორმატი და მასშტაბი ექნება ამ საპილოტე პროგრამას, ამ ეტაპზე განხილვის პროცესშია“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

საპილოტე პროგრამის დეტალები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუმცა მან აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის დანერგვა ფინტექკომპანიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

„ციფრული ლარის სარგებელი არ არის მხოლოდ სწრაფი და მარტივი საგადახდო სისტემა, მას აქვს ტექნიკური შესაძლებლობებიც, რომელიც იქნება ღია სხვადასხვა ტიპის ფინტექსტარტაპებისთვის. ციფრული ვალუტა თანამედროვე ტექნოლოგიებს ყველაზე კარგად ერგება, განსხვავებით ტრადიციული გადახდის სისტემისა“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.