22.ივლისი .2021 00:14

მთავარია “ლოქადაუნი“ არ გამოცხადდეს და არ დავიხუროთ, მხოლოდ ამის გვეშინია - Check in Travel

მთავარია “ლოქადაუნი“ არ გამოცხადდეს და არ დავიხუროთ, მხოლოდ ამის გვეშინია - Check in Travel
views 362
უკან

მთავარია “ლოქადაუნი“ არ გამოცხადდეს და არ დავიხუროთ, მხოლოდ ამის გვეშინია, - ამის შესახებ bm.ge-ს Check in Travel-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ია გედევანიშვილმა განუცხადა.

„ეს ნიშნავს, რომ ჯავშნები მოიხსნება და სეზონი ჩავარდება. თუმცა როგორც ვხედავთ, დახურვაზე საუბარი სერიოზულად არ მიმდინარეობს. საუბარია მხოლოდ შეზღუდვების გამკაცრებაზე, თუმცა დახურვაზე ვეღარ. ამას საქართველო ვეღარ გადაიტანს“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა.

ის ზოგადად ტურისტული კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ „სიტუაცია იმაზე უკეთესია, ვიდრე მოსალოდნელი იყო“.

„პროცენტულად ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ძალიან მაღალი არ არის, თუმცა ამ რაოდენობასაც არ ველოდით. ძირითადად ვმუშაობთ უზბეკეთსა და უკრაინაზე. ისრაელიდან უკვე ჯავშნები გაუქმდა, ხოლო უკრაინა-უზბეკეთიდან ჯავშნები არის სექტემბრამდე. მთავარია ორივე ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური სიტუაცია. ვგეგმავდით არაბულ ბაზრებზე შესვლას, თუმცა აზრი არ ჰქონდა, რადგან სიტუაცია არასტაბილურია“, - განაცხადა ია გედევანიშვილმა.

მისივე თქმით, Check in Travel ჯერ კიდევ გასულ წელს გადაერთო შიდა ტურებზე და ახლაც ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.

„ამ მხრივ მოთხოვნა არის, თან ძალიან დიდი. მთაშიც, ბარშიც, აღებული გვაქვს სასტუმროები და ქართველებს ვთავაზობთ მაღალი კლასის სერვისს“, - ამბობს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ია გედევანიშვილი აცხადებს, სასტუმროების ფასები სეზონის დასაწყისში დავარდა, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ფასებიც გაიზარდა.

ია გედევანიშვილმა გასული წლის ტურისტული სეზონიც შეაფასა და აღნიშნა, რომ 2020 ძალიან რთული იყო, თუმცა Check in Travel-მა გადაიტანა. „გასული წელი ჩვენ გადავიტანეთ, ჩვენნაირი კომპანია ბევრი არ არის, არაერთი დაიხურა. ფაქტობრივად კონკურენციაც არ დარჩა. მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ ფაქტია, რომ გადავრჩით. მე თუ ვმუშაობ, ესე იგი დარგი გადარჩა. მირჩევნია მეტი კომპანია იყოს, თუმცა ახლა ასე ხდება“, - ამბობს ის.

რაც შეეხება გასულ წელს დაარსებულ საბავშვო ბანაკის “ჩექ ინ კერიას“ პროექტს, ია გედევანიშვილის თქმით, პროექტმა ვერ გაამართლა და არც გასულ წელს არ მიუღია ბანაკს ბავშვები და არც წელს.

„გასულ წელს პროექტმა არ გაამართლა და წელს საერთოდ არ გავაკეთეთ, რადგან რეგულაციები დაწესდა და მაინც ჩავარდებოდა“, - განაცხადა მან.

გარდა ამისა, ია გედევანიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედია ჯანიაშვილს მადლობას უხდის და ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი ის ხელმძღვანელად დარჩება. მისი თქმით, ჯანიაშვილი ეხმარება ყველას და სექტორის ყველა წარმომადგენელთან გამჭვირვალე ურთიერთობა აქვს.

„არაერთხელ გაგვიჩერეს ტურისტი საზღვარზე სრულიად მიუღებელი მიზეზით, თუმცა ადმინისტრაცია დაგვეხმარა და პრობლემა მოგვარდა“, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა