08.აპრილი .2020 15:40

მთავრობა 1.5 მლნ ლიტრ ზეთს, 5000 ტონა შაქარს და 400 ტონა მაკარონს 13.4 მლნ ლარად ყიდულობს

views 1510
უკან

საქართველოს მთავრობა 5000 ტონა შაქარს, 400 ტონა მაკარონს და 1,500,000 ლიტრ ზეთს ყიდულობს - ამას მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნა არის გათვალისწინებული.

ამ პროგრამის ფარგლებში, სურსათის შესყიდვას ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა შპს “ალფასთან” და შპს “მზიურთან” გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლითაც ამ პროდუქტების ქვეყანაში შემოტანა მოხდება.

ხელშეკრულება 1.5 მილიონი ლიტრი ზეთის შესყიდვაზე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა კომპანია “მზიურთან” გაფორმებული კონტრაქტი, რომლითაც 1.5 მილიონი ლიტრი მზესუმზირის ზეთის იმპორტი მოხდება. დოკუმენტაციის მიხედვით, მთავრობა რუსული წარმოების ზეთს $1,424,400 დოლარად, ანუ დღევანდელი გაცვლითი კურსით 4,515,345 ლარად შეისყიდის.

ხელშეკრულების თანახმად, პროდუქციის შემოტანა სამ ნაკადად მოხდება:

პირველი ეტაპი - 500,000 ლიტრი არაუგვიანეს 10 მაისისა;
მეორე ეტაპი - 500,000 ლიტრი არაუგვიანეს 20 მაისისა;
მესამე ეტაპი - 500,000 ლიტრი არაუგვიანეს 15 ივნისისა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ლიტრი ზეთის შესასყიდი ფასი 0.9496 დოლარს, ანუ დღევანდელი კურსით 3.01 ლარს შეადგენს.

მთავრობა მზესუმზირის ზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული მწარმოებლის BUNGE SNG-ის პროდუქტებს შეიძენს, კერძოდ კი საუბარია ბრენდებზე - “Golden Drop”, “Забава”, “Bunge Pro”, “Семеновна”, “Don Donio”.

ხელშეკრულება 5000 ტონა შაქრის და 400 ტონა მაკარონის შესყიდვაზე:

შპს “ალფასთან” გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, მთავრობა ბელორუსის რესპუბლიკაში წარმოებულ შაქარს და რუსეთში წარმოებულ მაკარონს შეიძენს. დოკუმენტაციის მიხედვით, 5000 ტონა შაქრის შესასყიდი ღირებულებაა $2,596,000 დოლარი, ხოლო 400 ტონა მაკარონის ღირებულება $212,400 დოლარს შეადგენს. ჯამურად, კომპანია “ალფასთან” გაფორმებული კონტრაქტის საფასური $2,808,400 დოლარს, ანუ დღევანდელი კურსით 8,902,628 ლარს შეადგენს.

ხელშეკრულების თანახმად, პროდუქციის შემოტანა სამ ნაკადად მოხდება:

პირველი ეტაპი - 1700 ტონა შაქარი, 150 ტონა მაკარონი, არაუგვიანეს 5 მაისისა;
მეორე ეტაპი - 1700 ტონა შაქარი, 150 ტონა მაკარონი, არაუგვიანეს 20 მაისისა;
მესამე ეტაპი - 1600 ტონა შაქარი, 100 ტონა მაკარონი არაუგვიანეს 31 მაისისა.

ერთი ტონა შაქრის ფასი $519.2 დოლარით, ხოლო ერთი ტონა მაკარონის ფასი კი $531 დოლარით არის განსაზღვრული.

დოკუმენტაციის მიხედვით, შაქრის მწარმოებელი კომპანიების ჩამონათვალია - “სლუცკის შაქრის კომბინატი”, “სკიდელის შაქრის კომბინატი”, “გორდეის შაქრის კომბინატი”, “ჟაბინკას შაქრის ქარხანა”.

მაკარონის მწარმოებლად კი რუსეთში რეგისტრირებული ინდ. მეწარმე “მატვეი ევგენი ივანოვიჩი” არის მითითებული.

შპს “მზიურისა” და “ალფას” შესახებ:

ორივე კომპანია სასურსათო საქონლის მსხვილი იმპორტიორია. ვებ-გვერდ reportal.ge-ზე საჯაროდ გამოქვეყნებული 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, შპს “ალფას” შემოსავალი რეალიზაციიდან 33.5 მილიონი ლარი იყო, ხოლო კომპანია “მზიურის” შემოსავალმა კი 2018 წელს 40 მილიონი ლარი შეადგინა.

სურსათის შესყიდვის პროგრამის შესახებ:

მაკარონის, ზეთის და შაქრის შესყიდვის პროგრამა მთავრობამ 26 მარტს დაამტკიცა და მის სავარაუდო ღირებულებად 16 მილიონი ლარი განსაზღვრა. 

შეგახსენებთ, რომ სასურსათო მარაგების შექმნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა 9 ძირითადი სასურსათო მოხმარების პროდუქტზე ფასების შენარჩუნებასაც გეგმავს.

23 მარტს მიღებული დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იქნება და ის შემდეგი დასახელების პროდუქტების ფასების შენარჩუნებას უზრუნველყოფს: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.