მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2020 წლის ბოლომდე პრემიებზე უარის თქმის პირობას დებს

5ed4f098742ee
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.20 16:21
2258
მთავრობა 2020 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯების და კაპიტალური ხარჯების ნაწილის 600 მილიონი ლარით შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ “ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების” (BDD) დოკუმენტში არის საუბარი.

BDD-ის მიხედვით, 2020 წელს მთავრობა საგადასახადო და სხვა შემოსავლების 1.8 მილიარდი ლარით შემცირებას პროგნოზირებს, რის დასაბალანსებლადაც ქვეყანა $1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო ვალდებულებების აღებას გეგმავს. BDD დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ მთავრობა 600 მილიონი ლარით შეამცირებს საწვავის, პრემიების, მივლინებებისა და ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

"ეკონომიკის შემცირება, ასევე პანდემიის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა, პირდაპირ აისახება როგორც ბიუჯეტის შემოსავლების, განსაკუთრებით კი საგადასახადო შემოსავლების, ასევე ხარჯების მოცულობაზე. 2020 წელს, ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი გრანტების გარდა განახლებული პროგნოზით მცირდება 1.6 მლრდ ლარით, ხოლო არაფინანსური და ფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსულობების გათვალისწინებით, ჯამში, მცირდება 1.8 მლრდ ლარით.

წარმოქმნილი დეფიციტის ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით, მიმდინარე წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი. მიმდინარე ხარჯების ნაწილში ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად შემცირდება ყველა ის პროგრამა, რომელთა არგანხორციელება ან/და დროში გადაწევა მნიშვნელოვნად არ დააზიანებს შესაბამის სექტორს, მათ შორის ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით შეიზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, გადაიხედება 2020 წლისათვის განათლების რეფორმის ზოგიერთი მიმართულება. კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად შეეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე, იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია. შედეგად ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება დაახლოებით 600 მლნ ლარის ოდენობით.

პანდემიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების მდგომარეობაზე. შესაბამისად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებისათვის დამატებით საჭირო ხარჯებმა დაახლოებით 3 მლრდ ლარზე მეტი.

იმის გათვალისწინებით, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია გლობალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება პანდემიის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, დიდია გაურკვევლობა პანდემიის ეკონომიკაზე გავლენების შესახებ. შესაბამისად, აუცილებელია, ბიუჯეტში გარკვეული რეზერვების შექმნა იმისათვის, რომ უფრო პესიმისტური და მძიმე სცენარების განვითარების შემთხვევაშიც არ წარმოიქმნას ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსების პრობლემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ იქნა შეთანხმება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე მშპ-ს 8.5%-მდე (სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტი 8.2%). ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა მნიშვნელოვანი დაფინანსების მოზიდვა - 1.5 მლრდ აშშ დოლარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან.

აღსანიშნავია, რომ განხორცილებული რეფორმები და ფისკალური დისციპლინა იყო ის აუცილებელი წინაპირობა, რომელიც საჭირო იყო პანდემიის უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებიდან სათანადო რესურსების მოსაზიდად.

2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებმა 12.9 მლრდ ლარი და მშპ-ს 25.8% შეადგინა. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები 11.4 მლრდ ლარის დონეზე და მშპ-ს 22.8%-ის დონეზე დაფიქსირდა. 2020 წლისთვის მოსალოდნელია ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების (ნომინალურ გამოხატულებაში) შემცირება 5.8%-ით.

ფისკალური პარამეტრების კუთხით აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გაგრძელდა ფისკალური კონსოლიდაცია და რესურსების მობილიზება განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებმა 10.5 მლრდ ლარი და მშპ-ს 21.0% შეადგინა.

2020 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2019 წლის ბოლოსათვის არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე ხარჯების ნაწილში საშუალოვადიან პერიოდში კვლავ გრძელდებოდა კონსოლიდაციის პოლიტიკა, თუმცა არსებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების პროგნოზები სრულად შეცვალა კორონავირუსის პანდემიამ, რის გამოც 2020 წელს ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 26.2 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო 2021 წლიდან ეტაპობრივად შემცირდება და 2024 წლისთვის 22.7 პროცენტს გაუტოლდება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული სახსრები საშუალოვადიან პერიოდში 6.5 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება,” - ნათქვამია BDD დოკუმენტში.

ის თუ რა ხარჯების შემცირებას მოხდება ფაქტობრივად, ეს ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიდან გახდება ცნობილი. 

მთავრობის ვალი - BDD დოკუმენტის მიხედვით:

“ერთი მხრივ, პანდემიის თანმდევი ეკონომიკური რეცესიით შემცირებული საგადასახადო შემოსავლების, ხოლო მეორე მხრივ, უშუალოდ პანდემიის შეკავების და მისი სოციალური გავლენის შემსუბუქებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბიუჯეტის დეფიციტზე, რასაც დაემატა ეროვნული ვალუტის გაუფასურება. შედეგად მთავრობის ვალმა გადააჭარბა 40-პროცენტიან ნიშნულს და 2020 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მშპ-ს 58.0 პროცენტის დონეზე მიღწევა. აქედან, საგარეო ვალი 46.2, ხოლო საშინაო ვალი 11.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი დაბალია ეკონომიკური თავისუფლების აქტით განსაზღვრულ მთავრობის ვალის დონესთან შედარებით (მშპ-ს 60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნება მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, და აუცილებელია შემდგომ წლებში კონსოლიდაციის პოლიტიკის გატარება. 2021-2024 წლებში დაგეგმილია მთავრობის ვალის თანმიმდევრული კლება და 2024 წლისთვის 54.5%-მდე შემცირება.

მთავრობის მიზანია, ეტაპობრივად შეამციროს ვალის მოცულობა და ვალის მოცულობა დაბრუნდეს კრიზისამდელ მაჩვენებლებში მაქსიმალურად შემცირებულ ვადებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2021 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება ვალის აღების მაჩვენებელი და უკვე მომდევნო წელსვე შემცირდება ნაწილობრივ ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო პროგნოზში მთავრობის მთლიანი ვალი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ლიმიტის ზღვარზე გადის და ვალის შემდგომი აღება გართულებული იქნება, პროცესების მოსალოდნელზე უარესი განვითარების სცენარის შემთხვევაში ფისკალური სივრცე გარანტირებულია დეპოზიტებზე განთავსებული ნაშთების ხარჯზე.”