მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

5f5a17c76e86c
ინგა მურუსიძე
10.09.20 16:27
1498
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს 2020 წლის ბიუჯეტის 8 თვის შესრულების ანგარიში წარუდგინა, დეპუტატი ლევან კობერიძე დაინტერესდა, აქვს თუ არა მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის მონახაზი და როგორი იქნება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები.

საპასუხოდ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია რაიმეს თქმა. კაკაურიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტზე მთავრობა მომდევნო კვირაში იმსჯელებს.

„აქვს თუ არა მთავრობას 2021 წლის ბიუჯეტის მონახაზი და იქნებ გვითხრათ, რა კონტურებს მოიცავს? ალბათ ეს რაღაც გარკვეულ ეკონომიკურ პოლიტიკას უნდა ეყრდნობოდეს. თუ შეიძლება გვითხრათ, არის თუ არა მთავრობაში მონახაზი და გვითხრათ ეს კონტურები ახლა?“, - მიმართა კობერიძემ კაკაურიძეს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე კი ამბობს: „ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს რაც შეეხება, დიდი ალბათობით 5%-იანი ზრდა იქნება დაგეგმილი, ხოლო დეფიციტის მაჩვენებლის შემცირება ყველა ვარიანტში მოგვიწევს. ამჟამად დაგეგმილია 8,5% და მომდევნო წელს ეს მაჩვენებელი 5%-თთან ახლოს უნდა იყოს, ანუ მოგვიწევს 3,5%-იანი შემცირება. ასევე, ყველა ის ვალდებულება, რაც სახელმწიფოს მიერ არის აღებული, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. მობილიზებული იქნება საკმაო რესურსები იმისთვის, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მიმდინარეა, არ შეფერხდეს“.