მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2021 წელს ანაკლიის გზაში 10 მლნ-ს, 2022-2024 წლებში კი 225 მლნ-ს ჩადებს

5f806dbf2d6a2
შოთა ტყეშელაშვილი
09.10.20 18:20
1335
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალისა და რკინიგზის პროექტის განვითარებაში 10 მილიონ ლარს ჩადებს. ამავე პროექტის თანახმად, 2022-2024 წლებში გზასა და რკინიგზაზე 225 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. პროცესში მხარეები დავობენ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.

ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი ხდება ისიც, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" საარბიტრაჟო დავის გამო მთავრობაში ფიქრობენ, რომ არსებობს რისკი, რომ პროექტზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერი წარუმატებელი აღმოჩნდეს.

“არსებული მოცემულობის ფარგლებში, შესაძლო საარბიტრაჟო დავის გამო, შესაძლებელია ვერ შეირჩეს მაღალი რეპუტაციისა და გამოცდილების ინვესტორი,”- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ პროექტი განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ კერძო ინვესტორთან შეთანხმება იქნება მიღწეული.

“ნაკლიის პორტის მშენებლობა ბიუჯეტში ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან ამ ეტაპზე ანაკლიის მშენებლობა ბიუჯეტიდან არ იგეგმება. ანაკლიის მშენებლობა უნდა მოხდეს კერძო ინვესტორის მიერ. თუ კერძო ინვესტორთან შეთანხმების ფარგლებში მოხდება ისე, რომ სახელმწიფო რაიმე წილით უნდა შევიდეს, ან რაიმე გააკეთოს ამ პროექტში, ეს იმ შეთანხმების მერე, კონკრეტულად, კონკრეტული წლის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს,”- განაცხადა კაკაურიძემ.

იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტში 2021 წელს გზის მშენებლობაზე 10 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, ეს რეალურად არ არის გარანტია იმისა, რომ აღნიშნული ხარჯების ათვისება მართლაც მოხდება. გასული წლების განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ გზის განვითარებაზე დაიხარჯა იმდენი, რამდენიც ბიუჯეტით იყო დაგეგმილი. მაგალითად, 2019 წელს თავდაპირველად პროექტზე 11 მილიონის დახარჯვა იყო დაგეგმილი, ფაქტობრივად კი ათვისებამ 3.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით, გზის მშენებლობაში 50 მილიონის ჩადება იყო გათვალისწინებული, რაც შემდგომ 3.3 მილიონ ლარამდე შემცირდა.

შესაბამისად, ბიუჯეტის მუხლი მომდევნო წლებში ანაკლიამდე მისაყვანი საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალის დაფინანსების შესახებ უფრო მეტად არის მთავრობის საჯარო რიტორიკის გაგრძელება იმის შესახებ, რომ ქვეყანა პროექტის განხორციელების იდეის ერთგული რჩება, რეალურად კი ამ ხარჯების ათვისება სრულად ახალ ტენდერსა და საარბიტრაჟო დავის მიმდინარეობაზე იქნება დამოკიდებული.