მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებას გეგმავს

608fa099e227e
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.21 12:30
4384
საქართველოს მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებასაც გეგმავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა. სუბსიდირების მოსამზადებლად გამოცხადდა 3.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა, რომლითაც მთავრობა ყურძნის ტექნიკური პარამეტრის - შაქრიანობის მზომავი დანადგარების შესყიდვას აპირებს. როგორც შესყიდვის განმარტებაში არის ნათქვამი, წინა წლებში სუბსიდირებული ყურძნის ხარისხი არ კონტროლდებოდა, წელს კი მასში შაქრიანობის გაზომვა იგეგმება, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარის ღირებულების დანადგარების შესყიდვაა აუცილებელი.

2020 წლის რთველში საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ზომის - 104 მილიონი ლარის პირდაპირი სუბსიდია გასცა. მთლიანობაში ამ 104 მილიონი ლარით სახელმწიფომ ყურძნის მთლიანი მოსავლის 1/3 შეიძინა.

რთველის სუბსიდირება პირდაპირი შესყიდვის გზით ხდება - მთავრობის საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით მევენახეებისგან ყიდულობენ ყურძენს. ეს ქარხნები ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ; პროდუქცია საწყობდება, რასაც მთავრობა შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის. სპირტს და ღვინო-მასალას ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები ყიდულობენ. 
 
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ყურძნის ბაზარზე ბოლო წლებში ჭარბი წარმოებაა, სწორედ ამიტომ პირდაპირი სუბსიდირება აუცილებელია, რათა  ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

"2020 წელს საქართველოში ინდუსტრიულად გადამუშავდა დაახლოებით 290 ათ. ტ. ყურძენი, რაც სარეკორდოა ბოლო 30 წლის მანძილზე, თუმცა სრულად მათი სამრეწველო გადამუშავება, კერძო კომპანიების მხრიდან მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ხორციელდება. რის გამოც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ღვინის კომპანიის მიერ ხორციელდება ჭარბი ყურძნის მიღება-გადამუშავება (2020 წელს სს „აკურას“ და შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავდა 90 ათას ტონამდე ყურძენი). იმისათვის, რომ 2021 წლის რთველი ორგანიზებულად იქნეს ჩატარებული და, ერთი მხრივ, ჭარბი მოსავალი არ დარჩეს გადაუმუშავებელი, ხოლო მეორე მხრივ ყურძნის ფასი განისაზღვროს მისი ხარისხისა და კონდიციურობის გათვალისწინებით, საჭიროა, შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ყურძნის მიმღები პუნქტები აღიჭურვოს ყურძენში ავტომატური შაქრის მზომის დანადგარებით.

ბოლო წლებში რთველში მონაწილეობს 300-მდე ღვინის კომპანია და 25 ათასამდე მევენახე. რთველი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ღვინის წარმოებისთვის, რომელსაც ქვეყნის ექსპორტის მოცულობაში დიდი ადგილი უჭირავს, ასევე მნიშვნელოვანია მევენახეებისთვის, რომელთათვის ყურძნის მოსავლიდან მიღებული შემოსავალი ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენს", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი 2017 წლიდან მოქმედებს. როგორც სხვადასხვა წლის სტატისტიკიდან ირკვევა, სუბსიდიის სახით გაცემული თანხა მზარდია:

2017 წელი - 40 მილიონი ლარის სუბსიდია;
2018 წელი - 40 მილიონი ლარის სუბსიდია;
2019 წელი - 80 მილიონი ლარის სუბსიდია;
2020 წელი - 104 მილიონი ლარის სუბსიდია.

2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, "მევენახეობა-მეღვინეობის" განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 49.8 მილიონი ლარია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სუბსიდიაც ამ მოცულობის იქნება, რადგანაც ყოველწლიურად გამოიცემა "რთველის ორგანიზებულად ჩატარების" დადგენილება, რომლითაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ღვინის ქარხნებს გამარტივებული შესყიდვის უფლებები ენიჭებათ.