მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2021 წლის საგადასახადო შემოსავლის პროგნოზს 300 მილიონით ზრდის

60c883ffc4469
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.21 14:41
941
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების თავი 300 მილიონი ლარით გაიზრდება.

მთავრობა განახლებული ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარუდგენს. მთავარი ცვლილება, რაც ბიუჯეტში შედის, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის გაზრდაა. დღეს მოქმედი ბიუჯეტით წელს 4.3%-იანი ზრდა არის დაგეგმილი, განახლებული ბიუჯეტი კი 6.5%-იან ზრდაზე იქნება გათვლი, შესაბამისად, მასში საგადასახადო პროგნოზიც იცვლება. BDD დოკუმენტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების მატება ასეთი იქნება:

• ამჟამად მოქმედი ნაერთი ბიუჯეტით საგადასახადო შემოსავლებია - 12,045,000,000 ლარი;
• განახლებული პროექტით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება - 12,345,000,000 ლარი;

შესაბამისად, მატება 300 მილიონ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის უცნობია, უშუალოდ რა იქნება თითოეული გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი, რაც ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტის გამოქვეყნებით გახდება ცნობილი.

ცვლილება შედის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელშიც, რომელიც ამჟამად მოქმედი ბიუჯეტით 7.6%-ზე არის დაგეგმილი, BDD დოკუმენტით კი 7.1%-მდე მცირდება. ასევე დოკუმენტის თანახმად იცვლება სახელმწიფო ვალის პარამეტრებიც. თუკი 2021 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60.1%-ის დონეზე არის განსაზღვრული, განახლებული BDD-ის მიხედვით ის 57.3%-მდე მცირდება. ეს შემცირება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა მსოფლიო ბანკმაც, რომელიც იქამდე ქვეყანაში 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებდა.