01.დეკემბერი .2022 16:01

მთავრობა $2.8 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული - ფინანსთა სამინისტრო

მთავრობა $2.8 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული - ფინანსთა სამინისტრო
views 557
უკან

საქართველოს მთავრობა ათზე მეტ საარბიტრაჟო პროცესში არის ჩართული, მათგან უმსხვილეს შვიდ დავაში მოთხოვნილი სადავო თანხის მოცულობა $2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს ასობით მილიონი დოლარის კომპენსაციების გადახდა მოუწევს. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტრომ ამ დავებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების შეფასება გამოაქვეყნა.

უახლესი საინვესტიციო დავა, რომელშიც საქართველო ჩაერთო ნამახვანჰესის პროექტს უკავშირდება. უცნობია დავის ფარგლებში მოთხოვნილი თანხა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თავად ჰესის პროექტის მშენებლობა $800 მილიონი დოლარი ჯდებოდა, მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობაც სავარაუდოდ ასობით მილიონ დოლარზე მეტი იქნება. ყველაზე დიდი პროექტი, რომელზეც დავა მიმდინარეობს, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდება, სადაც ინვესტორები $1.4 მილიარდი დოლარის კომპენსაციაზე დავობენ.

საარბიტრაჟო დავები არამხოლოდ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებით მიმდინარეობს, არაერთი დავა აქვს მთავრობას კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გამარჯვებით დასრულდა ჩქაროსნული მაგისტრალის კონტრაქტორ კომპანიებთან დავები და მათ მსხვილი კომპენსაციების გადახდა დაეკისრათ.

“რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟს, საყურადღებოა, რომ დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს, გათვალისწინებულია კონფიდენციალურობის ვალდებულებები მხარეებისთვის სპეციალიზებული სასამართლოების მიერ, როგორებიცაა - საინვესტიციო დავების განმხილველი საერთაშორისო ცენტრი (ICSID) ან საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC). ამასთან, ძალიან ხშირად შეთანხმება მიიღწევა ისეთ თანხაზე, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველ მოთხოვნასთან შედარებით. ასევე, სახელმწიფომ შესაძლოა მოამზადოს შემხვედრი სარჩელი და მოიპოვოს გამარჯვება შესაბამისი კომპენსაციით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, იმ შემთხვევაშიც თუ ასანაზღაურებელი დავის თანხის მოცულობა არის მოთხოვნილზე ბევრად ნაკლები, მსხვილი და მასშტაბური სასამართლო დავის წაგება წარმოადგენს შემთხვევას, რომელიც არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღდეგ წარმოებული დასრულებელი დავების სტატისტიკას (4 დავა), 2 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა - სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა), 1 დავა დასრულდა მოსარჩელის გამარჯვებით.

საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, სავარაუდოდ, მოსარჩელეებისთვის ასანაზღაურებელი თანხების სიმცირის ან/და საანგარიშო წელს დაუსრულებელი დავების გამო, რაც განპირობებული იყო სხვადასხვა ზოგადი გარემოებით, მაგალითად, COVID-19-ის პანდემიამ შეანელა სასამართლოების მუშაობა 2020 წელს.

მოსალოდნელია სასამართლო დავებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების ზრდადი ტენდენციის შენარჩუნება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროპორციულად უფრო მეტ საქმეს აგებს ვიდრე მანამდე. ასეთი ტენდენცია შეინიშნება სხვა ქვეყნებშიც, სპეციალიზირებული იურიდიული კომპანიების რაოდენობის ზრდისა და ამ დრომდე აკუმულირებული მსხვილი დავების ფონზე,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა