22.ივნისი .2020 11:51

მთავრობა 40 მლნ ლარით რთველის სუბსიდირებას გეგმავს

views 477
უკან

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველში მევენახეთა პირდაპირ სუბსიდირებაზე 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტში არის საუბარი, რომლის მიხედვით, წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას. 

"ყოველწლიურად ყურძნის ჩამბარებელთა რაოდენობა კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შეადგენს დაახლოებით, 20 ათას ბენეფიციარს, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იგეგმება სუბსიდიის სახით 40 მილიონ ლარამდე გაცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან," - ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე

2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 123.8 მილიონი ლარით იზრდება და ის 476.9 მილიონ ლარს მიაღწევს. აქედან 80 მილიონი ლარი მევენახეობა-მეღვინეობის დაფინანსებაზე მიიმართება. შესაბამისად, ამ თანხიდან 40 მილიონი ლარი პირდაპირი სუბსიდიის სახით გაიცემა. 

ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად როგორ დაიხარჯება თანხის დანარჩენი მოცულობა. გასული წლების განმავლობაში პირდაპირ სუბსიდიასთან ერთად, სახელმწიფო რთველს "ირიბი" სუბსიდიითაც აფინანსებდა, რაც სახელმწიფოს მართვაში არსებული კომპანიის "აკურას" მიერ მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვაში მდგომარეობდა. 

2019 წლის რთველში "აკურამ" მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

მევენახეობის მხარდაჭერის გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის ხარჯები 70 მილიონი ლარითაც იზრდება, რაც სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა