მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების გამოშვებაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს

607414b05c2cb
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 13:39
978
საქართველოს მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების გამოშვებაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა. ახალი საგარეო ვალის დაფარვა საქართველოს 2031 წელს მოუწევს. 

"პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ $500-მილიონიანი ევროობლიგაციების რეფინანსირებას საქართველო ბევრად უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით მოახდენს, ვიდრე ეს აქამდე მოქმედ ობლიგაციას ჰქონდა, რაც 6.875%-ს შეადგენდა. 

შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება.  ამ ვალის ძირი თანხის - $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა სწორედ დღეს იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მათ ამ ვალდებულების დაფარვა ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს. ამ ვალის სანაცვლო თანხას ცენტრალური ბიუჯეტი უახლოეს დღეებში მიიღებს და ბიუჯეტის ნაშთიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. 

ფინანსთა სამინისტროს განცხადება:

"2011 წელს გამოშვებული ევრობონდები უკვე დაიფარა და ფინანსთა სამინისტრო გეგმავს ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას. სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს, გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.

ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს.

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში, თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.

პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.

მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში. (6.875%)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველომ $500-მილიონიანი ევროობლიგაციები პირველად 2008 წელს გამოუშვა, ამ ფასიანი ქაღალდების პირველი რეფინანსირება 2011 წელს მოხდა, რა დროსაც ქვეყანამ 10-წლიანი ვადიანობის ახალი ვალი აიღო.

მნიშვნელოვანია განსხვავება ლარებში ამ ვალდებულებების მოცულობებს შორის. 2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარი იყო, ამჟამად კი $500 მილიონი 1.71 მილიარდი ლარია, რაც 10 წლის წინანდელ თანხას 2-ჯერ აღემატება.

ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა BMG-ს გასული წლის ოქტომბერში განუცხადა, რომ მთავრობა ევრობონდების რეფინანსირებასთან ერთად მათი ახალი ვალის აღების გარეშე განიხილავდა. თუმცა, წლის ბოლოს გაუარესებული ეკონომიკური პირობების ფონზე, მთავრობამ ვალის რეფინანსირების გადაწყვეტილება მიიღო.