მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებისთვის საინვესტიციო ბანკს შეარჩევს

6040932d49733
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.21 11:30
1013
2021 წლის 12 აპრილს საქართველოს მთავრობას $500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევრო-ობლიგაციების დაფარვა უწევს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ევრო-ობლიგაციის დაფარვა ახალი ფინანსური ვალდებულების აღებით მოხდება. ამ მიზნით მთავრობა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან დაიწყებს მოლაპარეკებებს, რათა ქვეყანამ ახალი $500-მილიონიანი ევრობონდი გამოუშვას. 

"მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ახალი ევრო-ობლიგაციების გამოშვების საკითხს, მისი უზრუნველყოფის მიზნით საინვესტიციო ბანკების შერჩევასთან დაკავშირებით. ვალის ეფექტიანი მართვა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. შეგახსენებთ, 2011 წელს წინა მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 10-წლიანი დაფარვის ერვო-ობლიგაცია, რომლის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა იყო 2021 წლის აპრილი. ამ ევრობონდის დაფარვისთვის საჭიროა ფინანსური რესურსის მოზიდვა ახალი ევრობონდის გამოშვებით. ამ პროცესისთვის მზადებას ვიწყებთ შესაბამისად ახლა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ევრობონდების რეფინანსირების საკითხი 2021 წლის ბიუჯეტითაც არის განსაზღვრული. მთლიანობაში წელს მთავრობა 5.27 მილიარდის ახალ სესხებს იღებს. აქედან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.

$500-მილიონიანი ევრობონდები საქართველოს მთავრობამ 2011 წელს გამოუშვა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული $500 მილიონიანი ევრო-ობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა.