მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 80 მლნ ლარით რთველის და მეღვინეობის დაფინანსებას გეგმავს

5edf8383bba58
შოთა ტყეშელაშვილი
09.06.20 16:40
3038
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს ხარჯები ჯამურად 1.5 მილიარდი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 15.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს მთავრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტს 123.8 მილიონი ლარით ზრდის, რის შედეგადაც ეს უწყება ჯამურად 476.9 მილიონი ლარით დაფინანსდება. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი COVID-19-ის კრიზისის ფონზე, მევენახეობის მიმართულებით დაიხარჯება.

კერძოდ კი ქვეპროგრამა, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, რომელზეც გასულ წელს 16.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, წელს 80 მილიონით დაფინანსდება.

ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროგრამის ერთ-ერთ მიზანს, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ დროისთვის უცნობია რა კონკრეტული სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება არის დაგეგმილი 2020 წლის რთველში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2019 წლის რთველის მიმდინარეობისას ბაზარზე სუბსიდირება მის მართვაში არსებული კომპანიის “აკურას” მეშვეობით განახორციელა და მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

მევენახეობის მხარდაჭერის გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგროპროექტის ხარჯები 70 მილიონი ლარითაც იზრდება, რაც სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებას ისახავს მიზნად.