მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 930 000 ლარად 30 000 სწრაფ ტესტს ყიდულობს

5ea871c6db1c1
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.20 22:11
1486
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის 30 000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება უკვე მოამზადა და შესყიდვის განხორციელების თაობაზე ნებართვას შესყიდვების სააგენტოსგან ელის. 

ხელშეკრულების მიხედვით, სწრაფ ტესტებს სახელმწიფოს შპს “სოლემარტი“ მოაწვდის, ტესტის მწარმოებელი კი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, Inzek-ი სამედიცინო და ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებით არის დაკავებული. 

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ცალი სწრაფი ტესტის ღირებულებაა 31 ლარი, მთლიანად შესყიდვის ღირებულება 930,000 ლარია. 

“საქონლის მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში,”- ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტში წერია:

"გაცნობებთ, რომ კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების შესყიდვის საკითხი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს სს „თი ბი სი“ ბანკის მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა ჰოლანდიური კომპანია BIOZEK-ის მიერ წარმოებული ანტისხეულების განმსაზღვრელი 5 000 (ხუთი ათასი) ტესტი. აღნიშნული ტესტის ხარისხი დადებითად შეფასდა სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ვინაიდან, აღნიშნული ტესტების გამოყენება წარმატებით მიმდინარეობს სსიპ "საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მედპერსონალის სადიაგნოსტიკოდ და ახალი კორონავირუსის ინფექციის სამართავად მობილიზებულ კლინიკებში, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ანალოგიური ტესტების შესყიდვა.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ანალოგიურ პროდუქტზე გლობალური დეფიციტის გათვალისწინებით, ასევე ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვების ფონზე, მნიშვნელოვანია ტესტების ქვეყანაში შემოტანა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად გაიმართა მოლაპარაკებები მიმწოდებელთან - შპს "სოლემარტი“ - რომლის შემოთავაზება მდგომარეობს შემდეგში: ხელშეკრულების გაფორმება და 30 000 ერთეული ტესტის მოწოდება (ერთეულის ღირებულება 31 ლარი) 10 დღის ვადაში, წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 930 000 (ცხრაას ოცდაათი ათას) ლარს. პროდუქტი რეგისტრირებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,"- წერია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულებას აღარ გააფორმდებდა, რადგან მომწოდებელი კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის მიერ წარმოებული პროდუქცია უხარისხო აღმოჩნდა, რის შესახებაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია თავად მწარმოებელმა მიაწოდა. 

ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელი მომწოდებლისგან რამდენ ტესტს ყიდულობს საქართველო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

შეგახსენებთ, რომ 28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 511, გამოჯანმრთელების 168, ხოლო გარდაცვალების 6 შემთხვევა არის აღრიცხული. საკარანტინე რეჟიმში 5085 ადამიანი იმყოფება.