31.აგვისტო .2019 19:18

მთავრობა აცხადებს, რომ ბიზნესს 190 მილიონი ლარის მოცულობის სესხებზე ჩაუდგება გარანტორად

views 877
უკან

საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს საბანკო კრედიტების გარანტორად ჩაუდგება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გეგმით, 2019 წლისთვის აღნიშნულ პროგრამაზე 20 მილიონი ლარის გამოყოფა არის გათვალისწინებული. ამ თანხით ბიზნესისთვის 190 მილიონი ლარის მოცულობის სესხების “გარანტირება” მოხდება.

ახალი სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართა. პარლამენტარისთვის გაგზავნილ წერილში სამინისტრო ახალი უწყების მუშაობს პრინციპს განმარტავს.

სამინისტროს განცხადებით, ამ დრომდე სისტემა არ ამოქმედებულა და ახლა მის განმახორციელებელთან, ანუ სსიპ “აწარმოე საქართველოსა” და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა.

ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს იდენტიფიცირებული აქვს რამდენიმე ბიზნეს სექტორი, სადაც აღნიშნული თანხების გადანაწილება მოხდება.

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ლევან კობერიძეს:

“საკრედიტო საგარანტიო სქემის ოპერირებისთვის საჭირო საბიუჯეტო ასიგნებების მოცულობა 2019 წლისთვის განსაზღვრულია 20 მილიონი ლარის ოდენობით, რაც შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით 190 მილიონი ლარის სესხებზე მოხდეს საკრედიტო გარანტიის გაცემა. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა 2019-2023 წლებში ყოველწლიურად შეადგენს 20 მილიონ ლარს. ამასთან, ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა შესაბამისობაში უნდა იყოს ქვეყნის ძირითადი
მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან.

სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიის გაცემა ხორციელდება სესხის გაცემის რეგისტრაციის (შესაბამის ელ. პროგრამაში ჩაწერის) დროის თანმიმდევრობის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართულ ბანკებს შორის გარანტიების გადანაწილება ხდება „პირველი მიმართვა, პირველი გაცემა“ (first come-first serve) პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად სქემის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების განაწილება მოხდება იმ სესხებზე რომლებიც გაიცემა ლიმიტის ამოწურვამდე პროგრამაში ჩართული ბანკების მიერ.

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულებები კომერციულ ბანკებსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა კომერციულ ბანკებსა და სააგენტოს შორის ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული პროგრამის დანერგვაზე, რომლის სატესტო ვერსიაც უკვე შემუშავებულია. შესაბამისად, საკრედიტო საგარანტიო სქემის სრული ფუნქციონალით ამოქმედების შემდეგ კომერციულ ბანკებსა და მეწარმე - სუბიექტებს ექნებათ სქემის ფარგლებში გამოყოფილი თანხების ათვისების შესაძლებლობა. ასევე გაცნობებთ, რომ
დღეის მდგომარეობით, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ჯერ-ჯერობით კომერციული ბანკების მიერ სესხები არ გაცემულა და შესაბამისად, სქემის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების ათვისება არ მომხდარა.

რაც შეეხება თქვენს წერილში მითითებულ მეორე შეკითხვას, საკრედიტო საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც გაუმარტივებს ფინანსებზე წვდომას იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად. შესაბამისად, დაგეგმილი პროექტები სრულადაა დამოკიდებული კერძო სექტორის ინიციატივასა და მათი მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტით სარგებლობის სურვილსა და საჭიროებაზე.

თუმცა, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის № 163 დადგენილების „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დანართი N1-ით განისაზღვრა ის საქმიანობის სახეები, სადაც კომერციული ბანკის მიერ შესაძლოა მოხდეს სესხის გაცემა, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში. დანართით განსაზღვრული საქმიანობის სახეები აერთიანებს შემდეგ სექტორებსა და მიმართულებებს:

1. წარმოება და გადამუშავება;
2. კვლევები და დამუშავება;
3. სასტუმრო ინდუსტრია;
4. საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში;
5. მომსახურებების ფართო სპექტრი.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის № 163 დადგენილების „საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად: სქემის ფარგლებში მეწარმე-სუბიექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიმართავს კომერციულ ბანკს სესხის აღების თაობაზე. თუ მეწარმე-სუბიექტი და მისი პროექტი შესაბამისობაშია დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან და კრიტერიუმებთან, კომერციული ბანკი აფასებს მეწარმე-სუბიექტის ბიზნეს-გეგმას, იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე და ინფორმაციას სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ წარუდგენს სააგენტოს საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში აღნიშნულ სესხზე გარანტიის გასაცემად.

წერილის მესამე კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. კერძოდ, საკრედიტო საგარანტიო სქემის საშუალებით სესხის აღების შესაძლებლობა ექნებათ იმ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში ხდება
რისკების ადეკვატური გადანაწილება მსესხებლებს, კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. აღნიშნული სქემა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.

ამასთან, სქემის ფარგლებში ათვისებული საგარანტიო თანხის მოცულობა და დაკრედიტების ოდენობა დამოკიდებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან აღნიშნული ინსტრუმენტით სარგებლობის მოთხოვნაზე. ჩვენი შეფასებით, სქემის სრულყოფილად ამოქმედება დაახლოებით ყოველწლიურად 190 მილიონი ლარის დაგარანტირებულ სესხს ნიშნავს,”- დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილს ხელს მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე აწერს.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა