02.ოქტომბერი .2019 19:00

მთავრობა ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორის რეპუტაციასა და ფინანსებს შეისწავლის

views 291
უკან

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორად მთავრობას „მერიდიან კაპიტალი“ წარუდგინა.

დაახლოებით ორი კვირის წინ კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო, რომ „მერიდიანის“ გარდა კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი, რომელმაც შესაძლოა პროექტის კაპიტალში მიიღოს მონაწილეობა ერთ-ერთი ამერიკული საინვესტიციო ფონდია.

როგორც ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მათ ჰქონდათ ამერიკულ ფონდთან კომუნიკაცია, თუმცა, დადასტურებული გადაწყვეტილება პროექტში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ არსებობს და შესაძლოა, კონსორციუმი ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია.

რაც შეეხება „მერიდიან კაპიტალს“, მათ შესახებ დოკუმენტაცია ორი დღის წინ მიეწოდა მთავრობას და ახლა მათი შესწავლის პროცესი დაიწყება.

„მხოლოდ გუშინ თუ გუშინწინ მივიღეთ დოკუმენტაციის პაკეტი „მერიდიან კაპიტალისგან“, რომლის საფუძველზე მოხდება ამ კონკრეტული ინვესტორის რეპუტაციის და ფინანსური მდგომარეობის შესწავლა“-აცხადებს ცქიტიშვილი.

რაც შეეხება პორტამდე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიყვანას, რა ვალდებულებაც მთავრობას აქვს აღებული, ცქიტიშვილმა პროექტზე საუბრისას მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა:

„ჩვენი მხრიდან, როგორც ხედავთ, საგზაო ინფარსტრუქტურის მოწყობის ნაწილში ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით საპროექტო სამუშაოების დასრულებას და რა თქმა უნდა მომავალი წლის ბიუჯეტში გვაქვს გათვალისწინებული გზის მშენებლობის თანხები“