მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ავტოიმპორტიორებისთვის ახალ შეღავათებს ამზადებს

6061c506a0c78
ანუკა ჯოხაძე
29.03.21 16:20
8560
„ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ავტოიმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100%-ის ოდენობით, ხოლო ექსპორტის პროცედურაში გაფორმება 90 კალენდარული დღის ნაცვლად, 180 კალენდარული დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი“, - ეს არის ამონარიდი შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული რელიზიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ის საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება.

ვიდრე საკანონმდებლო ინიციატივაზე შემოსავლების სამსახურისგან მეტ დეტალს გავიგებთ, bm.ge საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნონიაძეს ესაუბრა, რომელიც სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა.

მისი თქმით, რამდენიმე ძირითადი ინიციატივა არსებობს, რომელიც ავტოიმპორტიორებს კრიზისულ პერიოდში დაეხმარება.

„თუ ცვლილებები კანონში აისახა, ავტოიმპორტიორს ავტომობილის რეექსპორტისთვის დამატებითი 90-დღიანი ვადა მიეცემა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი რეექსპორტზე გავა, იმპორტიორი შეძლებს, დადგენილ ვადებში გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზის თანხა უკან დაიბრუნოს“, - აცხადებს ავტოიმპორტიორი, რომლის შეფასებითაც, საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანას რეგიონში ავტოჰაბის პოზიციის გამყარებაში დაეხმარება.

„პანდემიის პირობებში საქართველო კარგავს შანსს, იყოს რეგიონის ავტოჰაბი. დიდი ალბათობით კონკურენციას გაგვიწევს აზერბაიჯანი და უკრაინა. სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ გადადგას სწორი ეკონომიკური და პოლიტიკური ნაბიჯები საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე, რომ ავტოჰაბის პოზიცია არ დავკარგოთ. იდეა არის ასეთი - თუ 90 დღის განმავლობაში ვერ გავყიდე შემოყვანილი ავტომობილი, ის ან უნდა გავუშვა რეექსპორტზე ან უნდა დავასაწყობო, ან უნდა განვაბაჟო. თუ 90 დღის შემდეგ განვაბაჟებთ, ცვლილებების შემთხვევაში, გვეძლევა დამატებითი 90 დღე, რომ ავტომობილი ისევ იდგეს საბაჟო სადგომზე და მას თუ ექსპორტზე გავყიდით, გვექნება შესაძლებლობა, რომ აქციზის თანხა უკან დავიბრუნოთ“, - განმარტავს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი ალექსანდრე ნონიაძე.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის წევრი ალექსანდრე ნონიაძე აცხადებს, რომ ეს ცვლილება შეეხება როგორც უკვე იმპორტირებულ ავტომობილებს, ისე - ახალ ავტომობილებს, რომლებიც მომავალში შემოვა.