მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ავტომობილებზე კონტროლს ამკაცრებს - რა ცვლილებების განხილვას იწყებს პარლამენტი

6139eaa6c365d
ელენე გოგბერაშვილი
09.09.21 15:22
8427
საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიისთვის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვას გეგმავს. კერძოდ, საუბარია პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.

ამის შესახებ პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, თუმცა სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. 

თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძის განცხადებით, საკნონმდებლო ცვლილებების მიზანია გარემოცდაცვითი და სატრანსპორტო სფეროს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და ასევე პასუხისმგებლობის გამკაცრება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არღვევენ დადგენილ ნორმატივებს.

როგორც ობგაიძემ „საქმის კურსში“ განმარტა, მათ შორის საუბარია ტექნიკური ინსპექტირების გავლიდან, შემდგომ შემოწმებამდე პერიოდში შერჩევითად სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის შემოღებაზეც.

„ერთია გამკაცრება ისეთი ავტომობილების გამონაბოლქვზე, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ნამუსიც კარგი საქონელია“, რადგან ხანდახან თვალწინ ჩაგვიქროლებს ისეთი ავტომობილი, რომლის ქუჩაში სიარულიც უხერხულიც კია.

მეორე მიმართულებაა ინიციატივა... ჩვენ სულ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი სვლა არის დასავლეთისაკენ შეუქცევადი და ჩვენი ვექტორი არის ევროპისკენ. რატომ მოგვწონს ევროპა? მისი მოწესრიგებულობის გამო. ერთ-ერთი მოწესრიგებული სფერო იქ არის გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო სფერო და ჩვენ ხშირად ვახსენებთ ევრო 5-ს და მავნე ნივთიერებების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარების აუცილებლობას...

საავტომობილო ბიზნესი მეტად მგრძნობიარე და ფაქიზი სფეროა, მასთან კონსულტაციის გარეშე უახლოეს პერიოდში ეს (ცვლილებები) ვერ დაიგეგმება, თუმცა პატარა, მაგრამ მტკიცე ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისაკენ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ.

უნდა ვთქვათ, რომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში ავტომობილების შემოწმებიდან მორიგ შემოწმებამდე მათი შემმოწმებელი არავინ არის. ეს მოხდება მომავალში, შერჩევით. ამის უფლება საკანონმდებლო ძალით უნდა ჰქონდეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. ალბათ შსს-ს, რომელსაც უფლება აქვს ასეთი ავტომობილი შეამოწმოს და შესაბამისი სანქცია დაადოს“, - აცხადებს შალვა ოგბაიძე.