მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აზარტული თამაშების - "Evolution Gaming"-ის და მსგავსი კომპანიების - რეგულირებას ამკაცრებს

60e80c530b1e7
შოთა ტყეშელაშვილი
09.07.21 13:00
12818
პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც აზარტული თამაშების სექტორის რეგულირებას ამკაცრებს. კერძოდ, ცვლილება შეეხება საქართველოდან უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიწოდებას, რომელიც ამჟამად რეგულირების მიღმა ექცევა. თუკი ამჟამად მსგავსი სერვისის მიმწოდებელი კომპანიები ნებართვის აღებას არ საჭიროებენ და არც შესაბამის სალიცენზიო გადასახადს იხდიან, კანონის ცვლილების შემდეგ ისინიც დაიბეგრებიან.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ეს ცვლილება ეხება ისეთ კომპანიას, როგორიცაა "ევოლუშენ გეიმინგი", რომელიც საქართველოში არსებული ოფისიდან აზარტული თამაშების სერვისებს უცხოურ კომპანიებს აწვდის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამჟამად ქვეყანაში ამ სფეროში 13 კომპანია საქმიანობს.

კითხვაზე, თუ რატომ მიიღო ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით შეეცვალათ კანონის ჩანაწერი, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ამის მიზეზია ის, რომ მათ მიერ დაქირავებულმა მონიტორინგის კომპანიამ გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა.

“10 ათასი სამუშაო ადგილიც რომ დაიკარგოს, თუ ფულის გათეთრება ხდება არ მინდა 10 ათასი სამუშაო ადგილი,”- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

კითხვაზე, თუ რომელი კომპანია ახორციელებს მონიტორინგს მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ ეს არის შპს “რენდომ სისტემს ჯორჯია”. ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის შეფასებით, შესაძლოა თავად მთავრობის მიერ დაქირავებულ მონიტორინგის კომპანიას ჰქონდეს ფინანსური ინტერესი, რომ ეს კანონი იყოს მიღებული.

“ამ კომპანიას ხელშეკრულება გაუფორმდა 2020 წელს, ეს ფირმაა "რენდომ ინთერნეიშენალი": ფუნქციონირებს, ააწყო სისტემა, წაიყვანა პროცესი სწორად აღმოაჩინა ხარვეზი. მისი ფინანსური ინტერესი რა შეიძლება იყოს გარდა იმისა, რომ ემსახურება პროცესს?”- პასუხობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რომან გოცირიძეს.

პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა, რომ მსგავსი მნიშვნელობის კანონპროექტები უწყებამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად არ გაუგზავნოს.