მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესს გადარჩენისთვის ეხმარება და თან ვალდებულებებს აკისრებს - დამსაქმებელთა ასოციაცია

5ebd6ba219119
დავით ჯალაღონია
15.05.20 10:10
941
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის პირობებში, როცა ბიზნესი გადარჩენას ცდილობს, "შრომის კოდექსში" ცვლილებების მიღება მიზანშეწონილი არ არის.

"პირველ რიგში, ჩვენთვის რაც ცოტა დამაფიქრებელი ამ ინიციატივასთან მიმართებით, არის მისი შემოთავაზების დრო და ფორმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა, როცა მთავრობა ერთი ხელით მთლიანად ეხმარება ბიზნესს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ მათ სამუშაო ადგილები და გადარჩნენ, როგორც ბიზნესი, მეორე ხელით, დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ამ პერიოდში. ეს ცოტა დამაფიქრებელია", - განაცხადა ასოციაციის იურისტმა შალვა ცხაკაიამ BM.GE-სთან საუბრისას.

დამსაქმებელთა ასოციაციას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შინაარსზეც აქვს შენიშვნები.

"არის საკითხები, რაც შესაცვლელი დარჩა და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ საპარლამენტო კომიტეტებთან, რომ ეს ჩვენი წუხილები მათ ყურამდე მივიტნოთ.

მაგალითად, წარმოდგენილი ცვლილებებით ბიზნესი ვალდებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, დასაქმებული თვითონ არღვევს ზეგანაკვეთური სამუშაოს დადგენილ შეზღუდვას, როგორც ჩანს, მეორე დამსაქმებელმა უნდა გამოარკვიოს, რამდენი საათი აქვს ნამუშევარი პირველ დამსაქმებელთან იმისთვის, რომ არ დაჯარიმდეს, რაც პრაქტიკულად, გამორიცხულია. რეალურად, დამსაქმებელი ისე ასაქმებს ადამიანს, რომ მან არ იცის, ან ხშირ შემთხვევაში უმალავს დამსაქმებელს, რომ ის მუშაობს სხვა სამსახურშიც, ამიტომ ამის პრაქტიკაში გადმოტანა ძალიან რთული იქნება.

ასევე, შრომის ინსპექციასთან დაკავშირებითაც არის საკითხი - ამ პერიოდში, როცა შრომის ინსპექციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენს ქვეყანაში შრომის და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით სამუშაო ადგილზე, ახლა მათთვის ისეთი ფუნქციების დამატება, რომლის აწევა ვერც სასამართლომ შეძლო და დღევანდელი მონაცემებით, ვერც სხვა ორგანო შეძლებს, ვფიქრობ, უფრო მეტ ჩრდილს მიაყენებს შრომის ინსპექციას და უფრო მეტ არასაჭირო ტვირთს აკიდებს ასეთ გარემოებებში, როგორიც დღეს არის.

გარდა ამისა, გარკვეული საკითხები ჩვენ, დამსაქმებლებსაც გვაწუხებს და გვინდა, რომ გაითვალისწინონ. მაგალითად, გამოსაცდელი ვადით დასაქმებულების გაშვების დროს დღეს სასამართლოში არის ასეთი პრაქტიკა, რომ იქაც სავალდებულოა დასაბუთება, რაც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გამყარდეს საკანონმდებლო დოკუმენტით, რომ თუ არ მოხდა შეთამაშება და ვერ მოეწყო დასაქმებული კარგად სამსახურში, უნდა იყოს იმის საშუალება, რომ მას დაემშვიდობო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე", - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.

შეგახსენებთ, რომ "შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია. მისი განმარტებით, დოკუმენტის განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულების შემდეგ დაიწყება.