მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა COVID-ისგან თავისუფალი ტურისტული ზონების მოწყობას აანონსებს

5eb93123d38d0
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 15:00
1520
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ტურიზმის სექტორის შესახებ საუბრისას ახალი პროექტი დაანონსა, რაც COVID-ისგან თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნას გულისხმობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ამგვარი ზონები სავარაუდოდ, შედარებით მცირე ზომის კურორტებზე შეიძლება მოეწყოს. ამასთან, გახარიას თქმით, მასობრივი ტურიზმის თვალსაზრისით, ძირითადი გამწევი ამ სეზონზე აჭარა უნდა გახდეს.

“ძირითადი გამწევი ლოკომიტივი უნდა გახდეს აჭარა. ძირითადი იმიტომ, რომ აჭარას აქვს ეს მაგნიტურობა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთოდ გავაკეთოთ ცალკეული ტურისტული ზონები გამოვაცხადოთ COVID-19-ისგან სუფთა ზონებად. ეს შესაძლებელია, როდესაც ვსაუბრობთ პატარა მობილურ ზონებზე. ეს შეიძლება იყოს საირმე, შეიძლება იყოს წყალტუბო, შეიძლება იყოს გუდაური. ბათუმი მაინც დიდია ამისთვის.

აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროებს, იქ სადაც ამის ინფრასტრუქტურა არსებობს. შეიძლება, ბათუმზე ვიფიქროთ როგორც ცალკე აღებულზე და აქ გარკვეული წესები დავაწესოთ იმისთვის, რომ COVID-ისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ ცალკეული ლოკაციები,” - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა დღეს იმის შესახებაც გააკეთა განცხადება, თუ რატომ აირჩია მთავრობამ დახმარებისთვის, პირველ რიგში, ტურისტული სექტორი. ეს პრემიერის თქმით, განპირობებული იყო ორი ძირითადი ფაქტორით - თუ რა ზიანი მიიღო სექტორმა COVID-19-იდან გამომდინარე და რამდენად დიდ წვლილს თამაშობდა ის ქვეყნის ეკონომიკაში.

“ამ ქვეყანაში ეკონომიკური აღდგენისა და განახლების პროცესი დაიწყება ტურიზმიდან, შემდგომი დარგი იქნება სოფლის მეურნეობა, ამას შემდგომ მოჰყვება მშენებლობა და დეველოპმენტი. რა თქმა უნდა, ინდუსტრია, შემდგომ იქნება განათლება, შემდგომ იქნება მედიცინა. აი, ასე, მივუყვებით ჩვენ.

ეს რანჟირება დაყრდნობილია ორ კომპონენტზე - თუ ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად და ვის რა წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში, რადგან ზოგიერთებს ეწყინათ, რატომ იწყებთ ტურიზმითო და რატომ არ იწყებთ ინდუსტრიით ან სოფლის მეურნეობითო. ეს კი იმიტომ რომ, საშუალო შეწონილს რომ ავიღებთ, ტურიზმის წვლილი, ეკონომიკაში და ამავე დროს, მიყენებული ზიანი ამ კრიზისისგან არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ ეს არის სოფლის მეურნეობა, შემდგომ ეს არის ეკონომიკის სხვა დარგები,” - ამბობს პრემიერ-მინისტრი.