მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა Covid-ვაქცინაციის ბრიგადების დამატებას სკოლებსა და უნივერსიტეტებში აპირებს

615312ac58784
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 17:08
426

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დადგა ის დრო, როდესაც Covid-ვაქცინაციის გასააქტიურებლად "გარეთ უნდა გავიდეთ". მისი თქმით, კოვიდ-აცრების პროცესი მობილური ბრიგადების ჩართულობით სოფლად თუ ქალაქად ადგილზე მისვლით უნდა გააქტიურდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კარდაკარ ვაქცინაციის საკითხს ეხებოდა.

„დღეს იმ სტადიაზე ვართ, როდესაც დაახლოებით მილიონს უახლოვდება ერთი დოზით აცრილი ადამიანების რაოდენობა, ანუ ეს ადამიანები აქტიურად მოვიდნენ ვაქცინაციის პროგრამაში. ახლა მეტია ის ადამიანი, რომელიც რაღაც მიზეზის გამო არ და ვერ მიდის აცრაზე: ეს შეიძლება იყოს ტრანსპორტირების სირთულე ან ფიზიკური ხელმისაწვდომობის ბარიერი, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან ჯერ კიდევ მან ვერ გადაწყვიტა, რომ უნდა აიცრას. ასეთ შემთხვევაში დადგა ის მომენტი, როდესაც უფრო მეტად აქტიურად უნდა გავიდეთ გარეთ და მობილური ბრიგადებით სოფლად, თუ საუნივერსიტეტო გარემოში, სადაც ბევრი სტუდენტი იყრის თავს, ან ბიზნეს გარემოში, სადაც ბევრი თანამშრომელია, დავეხმაროთ ამ ადამიანებს იმაში, რომ შეიძლება უდროობის გამო, ან გეოგრაფიული ბარიერების გამო, მათ აცრაზე უარის თქმის საფუძველი აღარ ჰქონდეთ. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირიდან მეტი გამსვლელი ბრიგადა იმუშავებს, განსაკუთრებით სასკოლო და საუნივერსიტეტო გარემოში, როგორც კი სწავლა განახლდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.