მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა და სებ-ი მუშაობენ ლარის მკვეთრი მერყეობის ასაცილებლად - ფინანსთა მინისტრი

608699a17343c
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.21 14:50
734
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუცისვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მუშაობენ იმისთვის, რათა ლარის კურსის მერყეობები თავიდან იქნას აცილებული. ამასთან, ხუციშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ლარის გამყარების მხრივ იმედებს ვაქცინაციის დაჩქარებასა და ტურიზმის ნაწილობრივ აღდენაზე ამყარებს.

“რაც შეეხება ლარის კურსს, კურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის, მათ შორის იმ ბიზნესისთვის, რომელიც იმპორტზე არის დამოკიდებული და მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც უცხოურ ვალუტაში აქვს კრედიტი აღებული. კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად კორდინაციაში მუშაობს, იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ლარის მკვეთრი მერყოებები.

უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. ამისთვის ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაციის განხორციელება და უნდა შევძლოთ ტურიზმის გარკვეული პროცენტული ნაწილის აღდგენა. დაახლოებით 25%-დან 30%-მდე მოცულობით ვფიქრობთ, რომ აღდგება წელს ტურიზმი 2019 წელთან შედარებით. მაგრამ იცით, რომ რეგიონში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, იცით რომ თურქეთში იყო მკვეთრი გაუფასურება 15-16%-ით თანაც ერთ დღეში. შესაბამისად შეუძლებელია, რომ რეგიონის ეს სიტუაცია საქართველოზე რაღაც დოზით მაინც არ აისახოს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეროვნული ბანკი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნებისთვის დგამს ნაბიჯებს,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ლარის გაუფასურების უკანასკნელი ტალღა მარტის ბოლოს დაიწყო და ის თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდებოდა, მას შემდეგ სებ-მა სავალუტო ინტერვენციების სიხშირეც გაზარდა. ეროვნულმა ბანკმა წელს ჯამში 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

სებ-მა 7.2%-მდე გაზრდილი ინფლაციის შესამცირებლად მონეტარული პოლიტიკაც გაამკაცრა. მარტში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა. მზარდი ინფლაციური მოლოდინების ფონზე შესაძლოა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზარდოს. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 28 აპრილს არის დაგეგმილი.