მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დააწესებს შეზღუდვებს, თუ ვის ექნება ტესტირების შეთავაზების შესაძლებლობა

5e832009ad8f0
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 14:47
896
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მთავრობა მიმდინარე კვირაში განსაზღვრავს. კერძო სექტორში ვის უნდა ჰქონდეს COVID-19-ის ტესტირების მიწოდების შესაძლებლობა და როგორ მოხდება კერძო კომპანიების მიერ შეთავაზებული ტესტირების ხარისხის შემოწმება.

"ვფიქრობ, რომ კვირის ბოლომდე გვექნება სრული ჩარჩო, მას შემდეგ რაც ხვალ უკვე ალგორითმი დასრულდება, გარკვეული დრო დასჭირდება იმას, რომ ალგორითმის ფარგლებში მოხდეს უკვე შეზღუდვების დაწესება იმაზე, თუ ვის აქვს ტესტის შეთავაზების საშუალება, ვინ არის პასუხისმგებელი ტესტის ხარისხზე, როგორ ხდება პასუხების ვალიდაცია და რა არის საერთოდ ხარისხის კონტროლის ჩარჩო იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია მივიღოთ სწორი და საიმედო პასუხი ნებისმიერი ტესტირებისგან, ამდენად ტესტი თუ არ არის ამ მახასიათებლების მატარებელი, ის, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხვდეს სისტემაში და ის მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ვფიქრობ, უკვე კვირის ბოლომდე ან მომდევნო კვირის დასაწყისში ამოქმედდება, მოგვცემს ამის გარანტიას", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

ამასთანავე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მისი შეფასებით, დაუშვებელია კერძო კომპანიები მომხმარებლებთან და მოქალაქეებთან COVID-19-ის ტესტების რეკლამირებას ახდენდნენ.

"დაუშვებელია ტესტირების რეკლამირება პაციენტებთან, მოქალაქეებთან, რომლებიც არ არიან სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილნი იმისთვის, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რამდენად საჭიროა მათთვის ტესტი და რა შედეგს გამოიღებს ეს ტესტირება და როგორ მოხდება ამ ტესტირების შედეგის გამოყენება", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევა არის გამოვლენილი. ვირუსისგან უკვე განკურნებულთა რაოდენობა კი, 21-ს შეადგენს.  ამასთან, სახელმწიფოს მიერ შექმნილ საკარანტინე სივრცეებში 4995 ადამიანი არის განთავსებული.