მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დასაქმების ხელშეწყობისთვის ₾83 მლნ-ზე მეტს დახარჯავს - პრიორიტეტები დამტკიცებულია

63ca55e985709
მარიამ დემეტრაშვილი
20.01.23 13:15
917
დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამაზე ბიუჯეტიდან 83 300 000 ლარი დაიხარჯება. მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამა სამი ქვეპროგრამის სახით განხორციელდება:

1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებშიც მოხდება შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება; შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; საშუამავლო მომსახურების მიწოდება -განვითარება; მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება, დასაქმების ფორუმების მოწყობა და ვაკანსიების მონიტორინგი. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 800 000 ლარით განისაზღვრა.

2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 500 000 ლარია.

ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს; შშმ პირებს; დევნილებს; ლტოლვილებს; სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, დაბრუნებულ მიგრანტებს, რომელთა დაბრუნებიდან არ არის გასული 1 წელზე მეტი; ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს; სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებს; ქალებს; არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს; ეთნიკურ უმცირესობებს; ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს; მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს.

3. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომლის ბენეფიციარები არიან არაუმეტეს 120 000 სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი წევრები, რომლებიც არ არიან დასაქმებულები ან/და რეგისტრირებული თვითდასაქმებულები. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 80 მლნ ლარით განისაზღვრა.