28.მაისი .2020 10:10

მთავრობა დღეს დეველოპერული სექტორის მხარდამჭერ პროგრამას წარადგენს

views 569
უკან

დღეს მთავრობა დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, სექტორის მხარდამჭერი ერთ-ერთი მექანიზმი მთავრობის მხრიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირებაა. ეს ინფორმაცია დეველოპერული და საბანკო სექტორის შემდეგ გუშინ პრემიერმაც დაადასტურა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ მთავრობა მოქალაქეებს ახალ იპოთეკურ სესხებს წლის ბოლომდე დაუსუბსიდირებს. 

„ერთ-ერთი სექტორი, რომელმაც სერიოზული ზარალი მიიღო, არის დეველოპმენტი და მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არის გეგმა, რომელიც შეეხება როგორც კომპანიებს, ისე მოქალაქეებს, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ, ან ამ პროცესში შესული არიან, პირველადი შენატანი აქვთ გაკეთებული ან უკვე დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა, ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მიერ იქნება დაზღვეული.

დღეიდან და წლის ბოლომდე, სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინს გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და წლის ბოლომდე მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ყველაფერი კეთდება, რომ არ მოხდეს იმ კრიზისის გამეორება, რაც მოხდა 2008 წელს და რისი კვალიც არის ქალაქში. რამდენი ვიბრძოლეთ, დღგ-ის შეღავათი დავუწესეთ 2008 წლამდე დაწყებულ მშენებლობებს, მერიამ მიიღო გადაწყვეტილებები კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, გამოიყოფა დამატებით 150 მლნ ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ლტოლვილების ბინებით უზრუნველყოფა. გახარიას შეფასებით, ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, რომ არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წელს, როცა უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ გადახდილი ბინებისთვის და დღესაც ქუჩაშია ხალხი დარჩენილი.

პრემიერს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის დეტალები გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას არ დაუკონკრეტებია.