მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა “დიდ გაზსაცავზე” უარს ამბობს - “განიხილება მცირე გაზსაცავი და LNG ტერმინალი”

63a576af7f7fb
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.22 13:40
892
საქართველოს მთავრობა დიდი ზომის გაზსაცავის პროექტზე სავარაუდოდ უარს იტყვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროექტის ნაცვლად, მთავრობა განიხილავს მცირე ზომის გაზსაცავის მშენებლობის შესაძლებლობას. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, გაზსაცავის პარალელურად, განიხილება გათხევადებული გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის შესაძლებლობაც.

თავად გაზსაცავის პროექტის დაფინანსებას საქართველოს მთავრობა რამდენიმე დონორისგან, მოზიდული თანხებით გეგმავდა. 2018 წელს გაფორმდა 150 მილიონი ევროს ღირებულების საკრედიტო შეთანხმება KFW-სთან. თუმცა, პანდემიის პერიოდში ამ თანხიდან 120 მილიონი ევრო მთავრობამ მიმდინარე ხარჯებზე გადაამისამართა და პროექტისთვის მხოლოდ 30 მილიონი ევრო დატოვა.

“KFW-ის დაფინანსება იყო 150 მილიონი ევრო, რომლიდანაც 120 მილიონი გადაირიცხა კოვიდის ფონდში. დარჩა 30 მილიონი ევრო, რომელიც საკმარისი იყო სეისმური კვლევებისა და დასაბუთებისთვის. ამის შემდეგ აუცილებელი იყო, რომ დაგვეწყო მეორე წელსვე გაზსაცავის მშენებლობა, ხოლო პროექტის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი ევრო იყო. თუ არადა, ამ გეოლოგიური კვლევების გაკეთებაც აზრს კარგავდა და მოგვიწევდა დაგვეხარჯა 30 მილიონი. ომმა და რეალობების ცვლამ შეცვალა ვითარება და დღეს ვიძახით, რომ ამხელა გაზსაცავი შეიძლება ჩვენთვის აღარ იყოს საჭირო. იმის მიღწევა, რომ ქვეყნის გაზმომარაგება მოხდეს 2 თვის ვადით, ეს შეიძლება მოხდეს უფრო მცირე გაზსაცავით და LNG ტერმინალით, რომლის პროექტმაც მნიშვნელობა უკვე შეიძინა. რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქმენეთი - ეს კორიდორი ამ კუთხით შეიძლება იყოს. ჩვენ ამ ალტერნატივებიდან გამომდინარე დონორ ორგანიზაციებსა და მათ საკონსულტაციო კომპანიებს ვკითხეთ იქნებ რამე ალტერნატივა იყოს. ეს უფრო მოქნილი, სწორი და იაფიც იქნება.

ჩვენ ქვეყანას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ნახევარი მილიარდი ევრო გაზსაცავში დაიხარჯოს,”- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.