27.სექტემბერი .2021 18:29

მთავრობა დიფერენცირებული საშემოსვალოს შემოღებაზე IMF-ის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს

მთავრობა დიფერენცირებული საშემოსვალოს შემოღებაზე IMF-ის რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს
views 1147
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მთავრობას პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დანერგვისკენ მოუწოდა - ამის შესახებ IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ უკანასკნელ ანგარიშში არის საუბარი. IMF-ი მიიჩნევს, რომ არსებული საგადასახადო სისტემა დაბალშემოსავლიანი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის არაპროპორციულად მაღალ საგადასახადო ტვირთს წარმოადგენს.

სავალუტო ფონდის რეკომენდაციასთან დაკავშირებით BMG-იმ დღეს ფინანსთა მინისტრ, ლაშა ხუციშვილს დაუსვა კითხვა. მინისტრის განმარტებით, ბრტყელი საშემოსავლო გადასახადის პროგრესული გადასახადებით ჩანაცვლება რისკებს შეიცავს.

“კონტექსტი რომ გავითვალისწინოთ, თუ რასთან მიმართებაში იყო აღნიშნული წინადადება მოყვანილი ამ ანგარიშში, ეს იყო იმ კონტექსტში, რომ ამ კრიზისული პერიოდის შემდეგ აუცილებელია ფისკალური კოსნოლიდაცია. ეს არ არის ფრაზა, რომელსაც მხოლოდ ამ ანგარიშში არ ნახავთ. ზოგადად IMF-ის რეკომენდაციაა, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა იყოს უფრო მეტად პროგრესული და განსხვავებული შემოსავლების პირები უნდა იბეგრებოდნენ განსხვავებული განაკვეთით.

ამ მიმართულებით ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში პროგრესული გადასახადი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე არანაირ სარგებელს არ მოუტანს, გარდა იმისა, რომ ეს დამატებით რისკებს მოიტანს. ასევე ეს შეიცავს დამატებით გართულებულ ადმინისტრირების პრობლემებს. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ არის მართებული პროგრესული გადასახადი და ის შედეგის მომტანი არ იქნება,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოში 2009 წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი მოქალაქის დარიცხული ხელფასია თვეში 2000 ლარი, ის “ხელზე” 1600 ლარს იღებს, 1000 ლარის დარიცხული ხელფასის დროს “ხელზე” 800 ლარს იღებს. 

უკანასკნელ პერიოდში მთავრობამ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ან მისი მოდიფიკაციისთვის მხოლოდ ერთი ცვლილება გაატარა - COVID-19-ის პანდემიის გამო, 750 ლარამდე ხელფასები საშემოსავლო გადასახადისგან სრულად, 1500 ლარამდე ხელფასები კი ნაწილობრივ გათავისუფლდნენ, თუმცა ეს შეღავათი არა - მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული შეღავათი 2021 წლის 1 ივნისს დასრულდა და მის ფარგლებში კერძო სექტორში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა