მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ელექტროენერგიის ჭარბ გამომუშავებას შეზღუდავს - ნათია თურნავა

5eb8435e8d28f
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 22:08
5224
COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისის გამო, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. ქარხნების, დამამუშავებელი მრეწველობის, საოფისე შენობებისა თუ ტურისტული ობიექტების დახურვის გამო, ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული. ამის გამო, კი კერძო ჰიდროელექტროსადგურებს ახალი პრობლემა შეექმნათ, რაც მათ მიერ გამომუშავებული ენერგიის რეალიზაციის საკითხს ეხება. არსებულ ვითარებას ართულებს ისიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ვარდნა შეინიშნება, ეს კი თავისმხრივ ექსპორტის შესაძლებლობებს ამცირებს. BMG-ისთან საუბარში, კომპანია “ენერჯი სოლიშენის” დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ მათ “სახელმწიფო ელექტროსისტემისგან” მიიღეს შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მაისში, ივნისსა და ივლისში მათ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება შეუზღუდა.

ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებით “Forbes-ის კვირის” კითხვას უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჭარბი წარმოების შეზღუდვა აუცილებელი გახდა.

ნათია თურნავა ელექტროენერგიის ჭარბი წარმოების შეზღუდვის შესახებ:

“მოხმარების შემცირების მიზეზი არის კორონავირუსი, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ წელს ეკონომიკური აქტივობა შენელდება 4%-ით, ანუ თავად ეკონომიკა შემცირდება 4%-ით, ეს არ შეიძლება ელექტროენერგიის მოთხოვნაზე არ აისახოს.

როდესაც ჩვენ ველოდით ზრდას, ამისთვის ჩვენი სიმძლავრეები იყო მზად და სრულად დავაკმაყოფილებდით იმ მზარდ მოთხოვნას, რაც იყო მოსალოდნელი ეკონომიკის მხრიდან. ანუ თითოეული კილოვატ საათი, რაც გამომუშავდებოდა იპოვიდა თავის მომხმარებელს.

წელს კი სერიოზულად დაეცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. გაზაფხულზე, როდესაც წყალუხვობის პერიოდია და არის ჭარბი გამომუშავება, დგება საკითხი თუ როგორ დავაბინავოთ ეს ჭარბი ენერგია.

ყველაზე კარგი გზა არის ექსპორტი. ჩვენ ყველა ექსპორტიორს ხელს ვუწყობთ და მოვუწოდებთ, რომ გარეთ გაიტანონ ეს ელექტროენერგია. თუმცა, ეს არ არის საქართველოს ეკონომიკური კრიზისი. ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და არის იმ ბაზრების კრიზისიც, სადაც ჩვენ გაგვაქვს ელექტროენერგია.

შესაბამისად, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რათა ჩვენ დავაბინავოთ ჭარბი ელექტროენერგია, რაც გვაქვს გაზაფხულის სეზონზე.

მინდა გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ სეზონური პრობლემა და ის არ არის სისტემური პრობლემა. აქედან გამომდინარე, შეიძლება წელს რაღაც პერიოდის განმავლობაში, ჩვენს დისპეჩერებს მოუწიოთ შეამცირონ და შეზღუდონ გამომუშავება, რადგან სხვაგვარად, როდესაც არ არის საკმარისი მოთხოვნა, ელექტროენერგიის გამომუშავება და მოხმარება ვერ ხერხდება, რადგან ერთი მეორეს ყოველთვის უნდა აბალანსებდეს.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჰიდროელექტროსადგურების მფლობელებთან და ვთანხმდებით, რომ თუკი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, იქნება ჭარბი წვიმები და იქნება წყალუხვობა და მისი შესაბამისი ჭარბი გამომუშავება, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების გატარება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა Forbes-ის კვირაში: