მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ენერგეტიკაში ინვესტორებისთვის PPA მექანიზმის ჩამნაცვლებელ მოდელზე მუშაობს

61b3649c94895
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 19:20
1169
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს ახალ სისტემაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის ფინანსური გარანტიებისა და მხარდაჭერის მექანიზმი იქნება. თვალაბეიშვილის თქმით, ჰიდროპროექტებთან მიმართებით იქნება განსხვავებული მიდგომა, ვიდრე მზისა და ქარის ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით. ეს მექანიზმი ინვესტორებისთვის PPA ანუ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფების ალტერნატივა იქნება.

“ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერის მექანიზმების ძიებას და მათ დახვეწას. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება პროექტი თუ როგორ დავეხმაროთ განახლებადი ენერგიის პროექტებს, მაგალითად, ქარის სადგურების შემთხვევაში, განსხვავებული მექანიზმი შეიძლება გვქონდეს, ასევე მზისთვის - სრულიად განსხვავებული.

თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ მხარდაჭერის ეს მექანიზმები დაკავშირებულია გარკვეულ ფისკალურ რისკებთან და ეკონომიკის სამინისტრო ამას სხვა უწყებებთან ერთად განიხილავს და მათაც საკუთარი შეხედულებები აქვთ თუ როგორ უნდა იყოს დახმარება და მათ აქვთ თავიანთი შეზღუდვებიც, თუმცა მუშაობა გრძელდება და ადრე თუ გვიან და მე იმედი მაქვს, რომ ადრე, ჩვენ გვექნება დაფინანსების სისტემა, რომლის გამოყენებაც საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტებზე შეეძლება,” - USAID-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

2017 წლიდან სახელმწიფოს ენერეტიკული პროექტების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების მემორანდუმების გაფორმება შეზღუდული აქვს. ამ ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდებოდათ, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ წინასწარ დადგენილ თანხად შეეძინა ელექტროენერგია. მაგალითად ეს ტარიფი შეიძლება ყოფილიყო 15 წლის განმავლობაში ზამთრის სეზონზე გამომუშავებული დენის 7 ცენტად შესყიდვა ან სხვა რაიმე ტარიფი, თუმცა IMF-მა მსგავს კონტრაქტებში სერიოზული ფინანსური რისკები დაინახა და მთავრობას მსგავსი მემორანდუმების გაფორმების რეკომენდაცია მისცა. 2017 წელს გამოცხადებული მორატორიუმის დროს მხოლოდ ორი გამონაკლისი დაიშვა, ეს იყო ხორომხეთი ჰესის პროექტი და ნამახვანის კასკადის პროექტი.

PPA ტარიფების ჩამნაცვლებლად სახელმწიფო ე.წ. Feed in Premium ტარიფებს განიხილავს. ამ ტარიფების მიხედვით, მთავრობა გადაიხდის არა სრულ ტარიფს, არამედ მის თანადაფინანსებას მოახდენს, ხოლო ფასები კი თავისუფალ ბაზარზე დადგინდება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი სქემის მიხედვით, Feed in Premium-ის ტარიფის “დაზღვეული” ნაწილი იქნება 5.5 ცენტი ანუ თუკი ბაზარზე ელექტროენერგიის სარეალიზაციო ფასი იქნება 5.5 ცენტზე დაბალი, მთავრობა გენერაციის ობიექტს გადაუხდის იმ თანხას, რაც მის 5.5 ცენტამდე შევსებისთვის იქნება აუცილებელი. თუმცა, მთავრობის თანადაფინანსების ლიმიტია 1.5 ცენტი. მაგალითად, თუ დენის საბაზრო ფასია 4 ცენტი, ბაზარზე არსებული მომხმარებელი მას 4 ცენტად შეიძენს, ხოლო სახელმწიფო გენერაციის ობიექტს, რომელთაცა Feed in Premium ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, 1.5 ცენტს დამატებით გადაუხდის, თუმცა თუკი საბაზრო ფასი 4 ცენტზე დაბალია, გენერაციის ობიექტის მისაღები შემოსავალი სახელმწიფო სუბსიდიის ჩათვლით 5.5 ცენტი ვეღარ იქნება. თუკი საბაზრო ტარიფი 5.5 ცენტზე მაღალი იქნება, ამ შემთხვევაში გენერაციის ობიექტი სახელმწიფოსგან 0 ცენტის თანადაფინანსებას მიიღებს.

იმისთვის, რათა ეს სისტემა ამოქმედდეს ჯერ ელექტროენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება, თუმცა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს, ბირჟის ამოქმედებამდეც აქვთ Feed in Premium სატარიფო სისტემასთან შენიშვნები და სახელმწიფოსგან PPA მექანიზმის აღდგენას ითხოვენ, რადგანაც მათთვის გარანტირებული სახით 10-15 წლით 7-8 ცენტის ელექტროენერგიის ტარიფი კომერციულად უფრო საინტერესოა, თუმცა როგორც ირკვევა, მთავრობა დაფინანსების ახალი მოდელის შესაქმნელად მუშაობას კიდევ აგრძელებს.