მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფოთის პორტის ახალ ტერმინალზე APM-თან ხელშეკრულების მომზადებისთვის დროს ახანგრძლივებს

60d873b7195ff
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.21 16:39
1573
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივნისში ფოთის პორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების პირობების მოსამზადებლად საერთაშორისო იურიდიული კომპანია Hogan Lovells-ი დაიქირავა. იურიდიულ ფირმას სამუშაო ჯერ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე გაუგრძელდა. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1.2-მილიონიანი კონტრაქტი ახლა კიდევ რამდენიმე თვით, 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.

2020 წლის ივნისში იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების განმარტებით ბარათში ეწერა, რომ კომპანიას ევალებოდა მოემზადებინა ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სთან ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ გააფორმებდა. შესყიდვების ეროვნულ სააგენტოზე გამოქვეყნებულ პირვანდელ ინფორმაციაში ეწერა, რომ APM Terminals-ი ფოთში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე $350 მილიონამდე ინვესტიციის განხორციელებას განიხილავდა. თუმცა, ამჟამად იურიდიულ ფირმასთან ხელშეკრულების გაგრძელების განმარტებით ბარათში პროექტის საინვესტიციო მოცულობაზე არაფერი წერია. ამასთან, 2021 წლის 26 აპრილს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მოსალოდნელი ინვესტიცია $170 მილიონი დოლარი იყო, რაც თავდაპირველად დასახელებულ $350 მილიონზე ორჯერ ნაკლებია.

მთავრობის მიერ დაქირავებული იურიდიული ფირმის ძირითად მიზანს APM Terminals-თან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების მომზადება წარმოადგენს. ამასთან, ხელშეკრულების გაგრძელების განმარტებად მითითებულია, რომ COVID-19-მა სამუშაო პროცესი შეაფერხა. განმარტებიდან ირკვევა ისიც, რომ სახელმწიფოს პროექტის განხორციელების შემთხვევაში რკინიგზისა და საავტომობილო გზის მოწყობა მოუწევს.

“პროექტი არის კომპლექსური ხასითის, მოიცავს როგორც საზღვაო ინფრასტრუქტურის და სტრუქტურის მშენებლობას, ასევე სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და განვითარებას, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გარკვეული მიწის სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო“ ნავსადგურისთვის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში გადაცემას და აქედან გამომდინარე საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაკავშირებულია კომპლექსურ სამართლებრივ ურთიერთობებთან და მოიცავს სამართლის რამდენიმე განსხვავებულ სფეროს, მათ შორის საპრივატიზაციო, სამშენებლო, კორპორაციულ და საკუთრების სამართალს, მოლაპარაკებებში და სამუშაო პროცესში საჭირო გახდა სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობა. აგრეთვე, მოლაპარაკებების პროცესიც სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურთან“ დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, რაც თავისთავად იწვევს ხელშეკრულების მომზადებისთვის ვადების გაგრძელებას და შესაბამისად, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ხდება,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

APM-მა სახელმწიფოს 2 წელზე მეტი ხნის წინ ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი წარუდგინა, რომლის განხორციელებისთვისაც სახელმწიფოს მხრიდან საზღვაო ოპერატორისთვის დიდი ფართობის მიწის გადაცემაა საჭირო. პროექტის დეტალების შესახებ თავად APM-მა განცხადება 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა:

"ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარედგინა, მოიცავს მშენებლობისა და განვითარების ორ ეტაპს. პირველი ეტაპი გულისხმობს 1,700 მეტრი სიგრძის მოლოსა და მრავალფუნქციური ნავმისადგომის მოწყობას ზომებით 400მ. [სიგრძე] - 13.5მ. [სიღრმე]. აღნიშნულ ნავმისადგომს შეეძლება 9,000 TEU-მდე მოცულობის გემების მიღება და ის შექმნის ნაყარი ტვირთებისა და დამატებით 150,000 TEU-ს დამუშავების შესაძლებლობას. მეორე ეტაპით გათვალისწინებულია 300 მეტრი სიგრძის საკონტეინერო ნავმისადგომის აშენება, რომელზეც 3 თანამედროვე STS (გემი-ნავმისადგომი) ტიპის ამწე განთავსდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის წყალობით გაორმაგდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო გამტარუნარიანობა და გადააჭარბებს 1 მილიონ TEU-ს წელიწადში," - ნათქვამია კომპანიის მიერ 2020 წლის იანვარში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის 4 თვეში ფოთის პორტის ტვირთბრუნა 18%-ით შემცირდა და პორტმა სულ 2.2 მილიონი ტონა ტვირთები გაატარა. ამასთანავე, 30%-ით შემცირდა პორტის მიერ გატარებული კონტეინერების რაოდენობა და ის 97,955-ს შეადგენს.