01.მარტი .2020 16:07

მთავრობა: გაიცა რეკომენდაცია თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ

views 768
უკან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მთავრობა იძლევა რეკომენდაციას გაუქმდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები. 

"საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა, ხოლო ამ დრომდე ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრულ ქვეყნებში.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს მიეცათ დავალება, საქართველოს მასშტაბით ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსა და აეროპორტებში დამონტაჟდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.

ამასთან, აქტიურ ფაზაში გადავიდა საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები. სასწავლო დაწესებულებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სხდომებს სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 



შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ვირუსით სულ სამი პირი არის ინფიცირებული. აქედან ერთს სიმპტომები იტალიაში, ორს კი ირანში ვიზიტის შემდგომ გამოუვლინდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პირველი მარტის მდგომარეობით, ვირუსით ინფიცირების 87,197 შემთხვევა არის აღრიცხული. მათგან, 42,166 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 2,981-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა