მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა “გარდაბანი 4”-ის ახალი თბოსადგურის მშენებლობას გეგმავს

6298709f08c75
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.22 12:12
1448
საქართველოს მთავრობა ახალი თბოსადგურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშშია საუბარი. დოკუმენტის თანახმად, “გარდაბანი 3”-ის და “გარდაბანი 4”-ის თბოსადგურების პროექტებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

ამ ორი თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატ საათი უნდა იყოს.

“მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურების (გარდაბანი 3 და გარდაბანი 4) მშენებელობაზე, დაახლოებით 500 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ამ ეტაპისთვის, დასრულებულია მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე,”- ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტს საქართველოს სახელმწიფო კომპანია “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (GOGC) ახორციელებს. გარდაბანში სახელმწიფო საკუთრებაში ორი თბოელექტროსადგური - “გარდაბანი 1” და “გარდაბანი 2” უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს. "გარდაბანი 1"-ის 230-მეგავატიანი სადგური სახელმწიფო დაკვეთით თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-იმ $220 მილიონ დოლარად ააშენა, “გარდაბანი 2”-ის სადგური კი ჩინურმა ფირმა China Tianchen Engineering Corporation-მა $180 მილიონად ააშენა. ახალი თბოსადგურების მშენებლობა სწორედ არსებული გენერაციის ობიექტების მიმდებარედ მოხდება.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “გარდაბანი 3”-ის 272-მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წელს იყო გამოცხადებული და 2020 წლის ნოემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა ინფორმაცია, რომ მასში თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-იმ გაიმარჯვა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ÇALIK ENERJİ-ის სატენდერო წინადადება უარყოფილი იყო.

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოცხადდება “გარდაბანი 4”-ის მშენებლობის ტენდერი, ასევე უცნობია როდის გამოცხადდება “გარდაბანი 3”-ის თბოსადგურის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია.