მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გორის ქარის ელექტროსადგურს $14.25 მილიონ დოლარად ყიდის

5d80e76f4aaa4
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.19 18:11
5024
სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდმა” და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“100%-იანი წილის პრივატიზების მიზნით საჯარო აუქციონი გამოაცხადეს. საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის საწყისი ფასი $14.25 მილიონი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ მისი მშენებლობა 26 მილიონი ევრო დაჯდა, ღირებულების 70% კი, EBRD-მა დააფინანსა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი განმარტავს, რომ ქართლის ქარის სადგურის ახალ მფლობელს სესხის დაფარვა თავადვე მოუწევს და ის, რომ 26 მილიონ ევროიანი პროექტი 14 მილიონად იყიდება, არაფერს ნიშნავს.

“არსებობს ასეთი - კერძო კაპიტალი და სესხი. მთლიანად კი ღირს 26 მილიონი, მაგრამ აქედან 14 მილიონი არის შეტანილი თანხა, როგორც კაპიტალი. ხოლო დანარჩენი, სესხი რჩება ახალ მფლობელს”,- განაცხადა თვალაბეიშვილმა.

შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგურის” ქონება 11 ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 6 ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH) შედგება, თითოეული ტურბინის სიმძლავრე 3.45-მეგავატია.

ელექტროსადგური ექსპლუატაციაში იქნა მიღებული 2016 წლის 20 დეკემბერს. 2016 წლის 10 ნოემბრიდან შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში რეგისტრირებულ იქნა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში.

სადგურის გამომუშავების წლიური საპროგნოზო მოცულობა 84 100 000 კვტ/სთ–ია.

ქარის ელექტროსადგურის მიერ გამოშვებულ ენერგიას სახელმწიფო ელექტროსისტემა წინასწარ განსაზღვრული ტარიფით ყიდულობს. ქართლის ქარის ელექტროსადგურს, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%, კილოვატის დადგენილი ღირებულება $6.89 ცენტს შეადგენს.

შესაბამისად, გამომუშავების აღნიშნული მოცულობის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ქართლის ელექტროსადგურს წლიურად $5,795,000-ს, ანუ 10 წლის განმავლობაში $57,500,000-ს გადაუხდის.

“შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის შესახებ არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა,”- ნათქვამია საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.