მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმის შესამუშავებლად კომისიას ქმნის

60408930622a3
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 11:24
673
დღეს მთავრობა ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნის საკითხს დაამტკიცებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ეკონომიკის გრძელვადიანი გეგმის წარდგენაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ პარლამენტში ახალი მთავრობის და სამთავრობო პოლიტიკის წარდგენისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის 10 წლიანი განვითარების გეგმა 100 დღეში მომზადდებოდა.

დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო კომისია განვითარების გეგმის პირველ დოკუმენტს მაისისთვის წარადგენს.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენაა. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც სახელმწიფო კომისიის შექმნას შეეხება, რომელიც იმუშავებს აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კომისიაში ჩართულები იქნებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაინტერესებული პირები, როგორიც არიან კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს, მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები წარმომადგენლები ჩაერთონ აღნიშნული კომისიის მუშაობაში და ჩვენი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად თითოეული სექტორის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც იქნება ჩაშლილი თითოეული წლის სამოქმედო გეგმებით.

მოგეხსენებათ, რომ ოკუპაციის შემდეგ რიგით მეორე გამოწვევა ეკონომიკა და სიდუხჭირეა, უმუშევრობა და სიღარიბე და სწორედ ჩვეინ მთავარი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ.

ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად შემდგომი წლების განმავლობაში მთავარი აქცენტი ამ მიმართულებით უნდა იყოს მიმართული და არა უსაგნო პოლიტიკურ კინკლაობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.