მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იმდენად უსუსურია, რომ „უსაფუძვლო თავდასხმებისგან“ ვერ მიცავს... განზე გავდგები - ხიდაშელი

63806fc7be149
BM.GE
25.11.22 11:30
910
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ მას "უსაფუძვლო თავდასხმებისგან" ვერ იცავს.

ბიზნესმენი „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილ წერილში წერს, რომ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ "განზე გადგეს". მისი თქმით, ოჯახს ურჩია ტენდერი გამოაცხადონ და ყველა სურველს მისცენ შესაძლებლობა, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%, რომელიც მათ ეკუთვნით, მათ შორის "რიყის დოქები" და მიწები რაჭაში.

"რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა - იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში… დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - წერს ხიდაშელი.

გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელა განცხადება, კვლევა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ ₾2 მლნ-ის შემოსავალი დაკარგა. TI-ს კვლევაში საუბარი იყო მათ შორის რაჭაში ხიდაშელისთვის მიწების მიყიდვაზე.

დავით ხიდაშელის წერილი „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. BM.GE ბიზნესმენთან დაკავშირებას ცდილობს და მის განცხადებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.