მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იმსახურებს კრიტიკას, რადგან ბევრი გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღეს - ფინანსისტი

5eaabbd0782c2
ინგა მურუსიძე
30.04.20 17:00
1055
"მთავრობა იმსახურებს კრიტიკას, ვინაიდან ძალიან ბევრი გაუაზრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული", - ამის შესახებ BM.GE-ის ფინანსისტმა გია ჩქოფოიამ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, არტში ეკონომიკა 2.7%-ით შემცირდა.

„ყველაფერს აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ობიექტურ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს პანდემია, ვინაიდან ნეგატიური ეკონომიკური ასპექტები არ შეხებია მხოლოდ საქართველოს. მათ შორის შეეხო ისეთ ქვეყნებს, ვისთანაც გვაქვს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვაქვს ფულადი გადმორიცხვები. ესენია ქვეყნები, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ, მუშაობენ და აქტიურად ახორციელებენ გზავნილებს. იგივე შეიძლება ითქვას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზეც, რომელიც ამ პერიოდში ძალიან პასიურია. ზოგადადაც, ერთი მხრივ, შეგვიმცირდა ეკონომიკურ აგენტებს შორის ტრანზაქციების აქტივობა და, მეორე მხრივ, შეგვიმცირდა საშუალო ტრანზაქციის ღირებულება, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებმა დაიწყეს თანხების დაზოგვა და თუკი აკეთებს გარკვეული ტიპის შესყიდვას, ეს ხდება მხოლოდ პირველად პროდუქტზე. ერთობლივმა მოხმარებამაც საკმაოდ იკლო“, - განაცხადა ჩქოიფოიამ.

რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკას და იმას, თუ რამდენად შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცევა, ფინანსისტი ამბობს, რომ "ორი წერტილია ან საერთოდ არაფერს აკეთებ ან აკეთებ სრულ lockdown-ს".

„ამ ორ წერტილს შორის საკმაოდ დიდი ადგილია. ჯანდაცვის და ეკონომიკის რომელ გადაკვეთას აირჩევ, იმის შესაბამის შედეგებს იღებ. შეიძლება, მთავრობა იმსახურებდეს კრიტიკას და კიდეც იმსახურებს, ვინაიდან ძალიან ბევრი გაუაზრებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის ახსნა საღი აზრის დონეზე შეუძლებელია. ჯერჯერობით, ნაადრევია კრიტიკა იმის შესახებ, თუ რომელ ნაწილში შეცდა მთავრობა ზუსტად; ამასთანავე, არ ვიცი ზუსტად რამდენად არის მთავრობა იმ წერტილში, რომელიც ეკონომიკასა და ჯანდაცვას შორის არის და რომელიც შეიძლება ოპტიმალური იყოს. რაოდენობრივი ანალიზი ძალიან რთულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ სიტუაციიდან გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა გამოსვლა“, - აღნიშნა ჩქოფოიამ და დასძინა, რომ ნებისმიერი მთავრობის ქმედებას ვირუსთან მიმართებაში, განსაზღვრავს ვირუსის ორი მთავარი მახასიათებელი - მისი გავრცელების სიჩქარე და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

„ეს ყველაფერი აისახება იმაზე, თუ რა შესაძლებლობები აქვს ჯანდაცვას. ალბათ როცა საბოლოოდ გაკეთდება მაღალი სიზუსტის კვლევა, გამოჩნდება თუ რამდენი ადამიანი ავადდება ისე, რომ არ იცის და ამით მოხდება მეორე ინდიკატორის განსაზღვრა, რაც სიკვდილიანობას ეხება. ეს ყველაფერი კი არსებითად განსაზღვრავს ჩვენი მთავრობის რეაგირებას ვირუსთან მიმართებაში. მე არ მგონია, რომ საავადმყოფოები გადატვირთული იყოს, რაც წესით იმის წინაპირობას იძლეოდა, რომ შეზღუდვები მოხსნილიყო და შესაძლებელი იყო რეგულაციები არ ყოფილიყო მიმართული ისეთი მიმართულებით, რომელსაც არ აქვს მკვეთრი სოციალური კონტაქტები. გაუგებარი იყო სრულიად მაგალითად ონლაინ-გაყიდვების აკრძალვა. არგუმენტები იყო ძალიან სუსტი და ყველაფერი იყო მიმართული იქით, რომ ნაკლები ინფიცირებული მივიღოთ, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ეკონომიკური ფასი. 

რაც შეეხება მოლოდინებს, საკითხი უნდა გაყოთ ორად  - პირველი არის, თუ რამდენად სწორ ან არასწორ გადაწყვეტილებას იღებს მსოფლიო. მსოფლიოზე ვართ დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად გამოვა ის ამ მდგომარეობიდან და რამდენად მალე შევისწავლით ამ ვირუსს. საბოლოოდ, ყველაფერი ვირუსის ქცევაზე და ადეკვატურ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.  მე არ ვარ ჯანდაცვის სპეციალისტი, თუმცა იქით მიდის საქმე, რომ ხდება ვირუსის გაშიფრვა. ეს ყველაფერი კი მიგვიყვანს იქამდე, რომ მსოფლიო ეკონომიკური აურზაური ცოტა დალაგდება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენც სწორი მოქმედების შესაძლებლობას მოგვცემს. მეორე მიმართულებაა ჩვენი საკითხი, თუ რამდენად პოზიტიური შეიძლება იყოს სიტუაციიდან გამოსვლის პერსპექტივები. ის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, ართულებს ვითარებას, რადგან ადამიანებს არ აქვთ დანაზოგი იმისთვის, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში დახარჯონ ფული, თუმცა პოსტკრიზისულ პერიოდში შეიძლება ეს იყოს შესაძლებლობა, რადგან შეიძლება მივიღოთ დახმარებები, რომ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ზუსტი ვადების და პროგნოზების თქმა ალბათ სპეკულაცია იქნება და დაველოდები თუ როგორ მოიქცევა მსოფლიო, რომ შესაბამისად, პროგნოზირებადი გახდეს ჩვენი ქცევა“, - აცხადებს ფინანსისტი.