მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ინერტული ნარჩენების მართვისთვის ახალ კანონპროექტს ამზადებს

63943f1705a4b
BM.GE
10.12.22 11:57
691
მთავრობა ინერტული ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც თემატური მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია მოხდა. 

ღონისძიებაზე ინერტული ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს და რეგულირების მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების შესახებ დისკუსია გამართეს.

„ინერტული ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ამ ტიპის ნარჩენები დიდი რაოდენობით გროვდება და, ხშირ შემთხვევაში, მათი განთავსება მუნიციპალურ ან სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე ხდება; მათი არევა სხვა ტიპის ნარჩენებთან კი, გარემოსთვის ცუდი შედეგის მომტანია. სამინისტრო ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობს. ინერტული ნარჩენების მართვის საკითხი უკვე ავსახეთ ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმაში. გარდა ამისა, ეს საკითხი 2020-30 წლების სტრატეგიაში გამოვყავით როგორც მიზანი და ცალკე მოვახდინეთ ფოკუსირება, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ინერტული ნარჩენების აღრიცხვა და მართვა. ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თემატური მოკვლევა მოამზადა. პროცესში სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და მომავალშიც ამ საკითხზე ვითანამშრომლებთ, რათა მივიღოთ პოზიტიური შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ ინერტული ნარჩენი ხასიათდება ცირკულარობის ყველაზე მაღალი სტანდარტით, ამიტომ კარგი იქნება, თუ მოხდება მათი გადამუშავება და იმ სექტორის წახალისება, ვინც ინერტულ ნარჩენებს გადაამუშავებს. ეს არის ინტერსექტორალური საკითხი და არა რომელიმე დარგის პრეროგატივა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

„ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, გვქონდა ხედვა, რომ, სამომავლოდ, გარემოსთვის და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა ინერტული ნარჩენების მართვას. ინერტული ნარჩენები დღეს მსოფლიოში უკვე მოიაზრება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს და ჩართულ იქნეს ეკონომიკურ ბრუნვაში. სწორედ ამ მიზნით, ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თემატური მოკვლევის „ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვა საქართველოში“ ანგარიში საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას შორის მჭიდრო კოორდინაციით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით შემუშავდა.