მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ინტერნეტიზაციის საპილოტე 10-მილიონიან პროექტს უტენდეროდ იწყებს

5f05f74f6d86c
შოთა ტყეშელაშვილი
08.07.20 20:40
1173
საყოევლთაო ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ნაწილის უტენდეროდ განხორციელება იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” მიიღო და 10 მილიონი ლარის შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტის გზით განხორციელებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვა მოითხოვა.

კომპანიის განაცხადიდან ირკვევა, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში ფართოზოლოვანი ქსელის გაყვანა ოზურგეთის რაონში მოხდება, სადაც ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა მოესწროს. 

“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამია სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის განცხადში.

საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.

2020 წლის იანვარში მთავროამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.

ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს კი, 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან უნდა ჰქონდეთ წვდომა.

მთავრობის სტრატეგიის თანახმად, პროგრამის განხორციელებისთვის თავდაპირველად ე.წ. “თეთრი ზონების” (დასახელებული ობიექტების, რომელთაც არ აქვთ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომა) დათვლა არის საჭირო. ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ამ დასახლებული პუნქტების რაოდენობა 1300-მდეა. სოფლების ზუსტი სიის მიღების შემდეგ, დაიწყება პროექტირების ეტაპი, რის შედეგადაც მისი ბიუჯეტი განისაზღვრება.

თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრო აჩვენებს, აღნიშნული განცხადება მცდარი აღმოჩნდა.

დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს.