მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას აპირებს - ეკონომისტები იდეას აკრიტიკებენ

5ec69acb60823
სალომე მეცხვარიშვილი
21.05.20 20:00
2057
ხვალ ანუ 22 მაისს საზოგადოება მთავრობის მორიგ პრეზენტაციას მოისმენს, რომელიც ამჯერად სამშენებლო ბიზნესის მხარდამჭერ გეგმას შეეხება. წესით სწორედ აქ უნდა გაჟღერდეს ახალი ინიციატივა, რომ მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას აპირებს. რა მოცულობის იქნება ან რა ვადით დააფინანსებს მთავრობა სესხების პროცენტს - უცნობია. სუბსიდია სავარაუდოდ, ახალ სესხებს შეეხება და არა უკვე მოქმედ ვალდებულებებს. ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობას უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება სურს, რამდენადაც კორონავირუსის პერიოდში ბინების გაყიდვები ფაქტობრივად სრულად შეჩერებულია.

არასამართლიანს უწოდებენ დაანონსებულ დახმარებას სპეციალისტები. ფინანსისტი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობას სამშენებლო სექტორის დახმარება სურს, ეს სხვა გზით უნდა მოახერხოს, მაგალითად საგადასახადო შეღავათები ან სესხების რესტრუქტურიზაცია შესთავაზოს.

“კოვიდ 19-ის პანდემიამდეც იპოთეკური სესხების გაცემის პრობლემა იდგა არა იმის გამო, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, არამედ იმის გამო, რომ სესხებს ვერ გასცემდნენ, რადგან შემოსავლების დადასტურება თავად მთავრობამ მოიფიქრა....

ცოტა აბსურდული ბალანსის დარღვევა გამოდის თუ პროცენტს უფინანსებენ იმას, ვინც შემოსავლებს ადასტურებს, ანუ მას ეს შემოსავალი აქვს. კი, გასაგებია, რომ საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზარდა იპოთეკაზე, თუმცა, ამის გამო მთავრობამ საპროცენტო განაკვეთები დაუფინანსოს მათ, ვისაც ამის საშუალება აქვს, ალბათ ცოტა უცნაურია. იმდენად უცნაურია, რომ არ მჯერა.

გასაგებია, რომ დეველოპერებისთვის იქმნება ქეშის ახალი წყარო, თუმცა ამის მიღწევა სხვა გზებითაც შეიძლება. პირობითად პირდაპირ ბიზნესს გამოუყონ გრძელვადიანი კრედიტები. თუნდაც გადასახადების კუთხით, საკრედიტო პირობების შემსუბუქების კუთხით…”- აცხადებს ვასილ რევიშვილი.

pmc კვლევით ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანიც ამბობს, რომ სამშენებლო სექტორის გააქტიურებისთვის ფულს მთავრობა არ უნდა ხარჯავდეს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი არასწორია და თუ ბიზნესს ბაზრის გააქტიურება სურს, ფასები შეამციროს.

“მგონია, რომ მთავრობის შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე ასეთი ტიპის ხარჯის გაწევა არასწორია. რატომ? რადგან ვფიქრობ, რომ სამშენებლო ბაზარზე არსებობს რესურსი მოთხოვნის წახალისების, თან ისე, რომ არ მოხდეს სახელმწიფო თანხების ხარჯვა. ეს რესურსი აქვთ ხელში მშენებლობებს და ეს არის ფასების მოდიფიცირება. ვფიქრობ, რომ ბაზარზე ფასები არის იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა იყოს. ბიზნესმა უნდა გადახედოს საფასო პოლიტიკას. მოთხოვნას პირველ რიგში ეს წაახალისებს. ეს არ არის ის სიტუაცია, როგორიც არის ტურიზმის სექტორში, როცა ტურისტი გაქრა და მას ვერ გააჩენ ვერანაირი საფასო პოლიტიკის მოდიფიცირებით”,- აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.