მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ივენთ - კომპანიებს საბანკო სესხებს დაუსუბსიდირებს - ცვლილებები "აწარმოე საქართველოში"

5facee7a90bf9
ინგა მურუსიძე
12.11.20 12:11
927
საქართველოს მთავრობამ პანდემიის შედეგად დაზარალებული კერძო სექტორის დასახმარებლად მორიგი ცვლილება შეიტანა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“.

როგორც bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მათ შორის, ივენთ - კომპანიები შეძლებენ საკრედიტო - საგარანტიო სქემით ისარგებლონ.

„გარდა ამისა, ივენთ-კომპანიებს, მცირე და საოჯახო სასტუმროების მსგავსად, 12 თვის განმავლობაში მიეცემათ საბანკო სესხის სუბსიდირება, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიშვა“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც შევიდა „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობას შეეხება - ფერმერებს, რომლებიც ეწევიან მრავალწლოვანი კულტურების მოყვანას, შეეძლებათ ასევე ჩართონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში.

„სესხის მიზნობრიობის დეფინიციის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლეს სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებენ, ჩაერთონ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში.

გარდა ამისა, დაზუსტდა დებულება, რომელიც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვას საკრედიტო - საგარანტიო სქემაში. კერძოდ, ინდმეწარმეებსა და კომპანიებს, რომელთაც სესხი აქვთ აღებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საკრედიტო - საგარანტიო სქემით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილება შედის, რომლის თანახმად, ჩვენ ვეხმარებით იმ სფეროებს, რომლებიც ჯერაც გაჩერებულია პანდემიის გამო, ეს არის ივენთ-კომპანიები, გამოფენების და კონფერენციების ორგანიზების სფეროში მოღვაწე კომპანიები, კინო-თეატრები - ისინი ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში.

რაც შეეხება ივენთ-კომპანიებს, მათთვის ცალკე პროგრამა ამოქმედდება, მსგავსად მცირე და საშუალო სასტუმროებისა, 12 თვის განმავლობაში დავუსუბსიდირებთ ბანკის სესხის პროცენტს. გარდა ამისა, საკრედიტო-საგარანტიო სქემას ვუმატებთ მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანას. შევიდა ცვლილება და ამ სქემაში ერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ინდმეწარმეებს და კომპანიებს, რომლებსაც მათგან აქვთ აღებული სესხი, შეეძლებათ ისარგებლონ საკრედიტო-საგარანტიო სქემით და ასევე შედის გარკვეული ტექნიკური დაზუსტება მცირე და საშუალო სასტუმროებთნ დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, პროგრამაში კიდევ 800 სასტუმრო ჩაერთოს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.