14.მარტი .2020 18:19

მთავრობა კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს რეკომენდაციას აძლევს დროებით შეაჩერონ მუშაობა

views 1311
უკან

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 30 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 54 პირი.

საბჭომ მოისმინა ინფორმაცია სასურსათო ბაზარზე შექმნილი გარკვეული პანიკის შესახებ, რომელსაც საფუძველი არ აქვს.

როგორც საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ახლა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.

სწორედ ამ მიზნით გიორგი გახარია დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ უფრო მეტად აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში გადავიდნენ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან და მიაწოდონ ინფორმაცია თურქული ავიაკომპანიების მიერ რიგ ქვეყნებში რეისების გაუქმების შედეგად სამშობლოში დაბრუნების ალტერნატიული საშუალებების შესახებ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ქართული ავიაკომპანიების მიერ დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციას აძლევს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებს და ტოტალიზატორებს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, დროებით შეაჩერონ მუშაობა, რათა თავიდან იყოს აცილებული დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება.

ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ამომწურავი და ოფიციალური ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაცია. ბრიფინგებს რეგულარულად გამართავს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.