მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის მოთხოვნით, პრეზიდენტს აშანტაჟებდა - ადმინისტრაცია

64808eb01fee7
თელარა გელანტია
07.06.23 18:07
2172
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, მთავრობა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის მოთხოვნით, პრეზიდენტზე ზეწოლას ახდენდა და აშანტაჟებდა.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ამავე საკითხზე „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღწერილ ბრალდებებს უპასუხა. გიორგი მსხილაძემ ასევე განმარტა, რატომ არ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილი სებ-ის საბჭოში მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას.

კერძოდ, როგორც საპარლამენტო მდივანი ამბობს, პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, მაგრამ „კითხვებს აჩენდა კანდიდატის დამოუკიდებლობა“.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია.

რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.

ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებების პროექტზე ვეტოს დაძლევას აპირებს.